მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში, სებ-ის დავების განმხილველ კომისიაში მივიდეს – დავით ზუხბაია

ბანკებს და სხვა პროვაიდერებს, მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული აქვთ, რომ ნებისმიერი უკმაყოფილების, საჩივრის თუ პრეტენზიის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია დავების განმხილველ კომისიაში მივიდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დავით ზუხბაიამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ კომისიამ დავა უნდა განიხილოს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თუმცა კომისიას აქვს უფლებამოსილება ვადა გაახანგრძლივოს 1 თვით.
“სებ-ის დავების განხილვის კომისია ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში შეიქმნა. მისი შექმნა მიმდინარე პერიოდში არსებულმა საჭიროებამ გამოიწვია. გარდა ამისა, პროცესები, მომხმარებელთა უფლებების მეტად გაძლიერებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამაც დააჩქარა.
რაც შეეხება უშუალოდ კომისიის ფუნქციას და მოვალეობებს – კომისიისთვის განსაზღვრულია ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ის მოქმედებს. ეს ეხება საგადახდო მომსახურებებს. მაგალითად, საბანკო ბარათიდან განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციები ე.წ. არასანქცირებული ოპერაციები, ინტერნეტბანკიდან შესრულებული ტრანზაქციები, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმებოდა. შესაძლოა ასეთი ოპერაციები გამოეწვია “ფიშინგს”, სოციალურ ინჟინერიას, ან სხვა იმ თაღლითობის სცენარებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი მოტყუვდა, გარკვეულ ტექნიკურ ასპექტებს ვერ მიხვდა და აქედან გამომდინარე, მან დაკარგა გარკვეული თანხები. დღეის მდგომარეობით საჩივრების 5%-ია დასრულებული”, – აცხადებს დავით ზუხბაია.
bp.ge