მომწოდებელი გააგრძელებს ფასის ზრდას, კომუნალურები გაძვირდება და შესაბამისად, რესტორნებში ფასები 10-13%-ით გაიზრდება – კოტე გაბრიჩიძე

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე ვარაუდობს, რომ 2026 წელს სარესტორნო სფეროში ფასები 10-13%-ით გაიზრდება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას კოტე გაბრიჩიძე აღნიშნავს, რომ 2025 წელი უკეთესი იყო, ვიდრე 2024 წელი და სექტორში დაახლოებით 12-13%-იანი გაუმჯობესება დაფიქსირდა. რაც შეეხება 2026 წლის პირველ თვეს, მისი განმარტებით, ეს პერიოდი ყოველთვის დაბალ ნიშნულზეა, დაახლოებით 25 თებერვლამდე ასე გრძელდება და მატება შემდეგ იწყება.
„არის კერძები, რომლებზეც ფასები არ იცვლება, არის კერძები, რომლებიც ძვირდება. 2025 წელთან შედარებით, ალბათ, ფასები 10-13%-ით გაიზრდება. ალბათ, მომწოდებელი გააგრძელებს ფასის ზრდას, კომუნალური სამსახურები გააგრძელებენ მწვერვალებისკენ სვლას და რადგან ასეთი განცდა გვაქვს, ვვარაუდობ, რომ ალბათ, 10-13%-ით ფასები მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ რაღაც კერძი ან სასმელი 20%-ით გაიზარდოს, რაღაცის ფასი საერთოდ არ შეიცვალოს. ჯამურად, მატება 10-13%-ის ფარგლებში იქნება“, – აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.
რაც შეეხება პროდუქტის გაიაფების მოლოდინს, რაზეც, რამდენადაც ცნობილია, სამთავრობო კომისია მუშაობს, კოტე გაბრიჩიძე საკითხს პესიმისტურად უყურებს.
„24 წელია, ამ ბიზნესში ვარ და არც ერთი მთავრობის დროს რაღაც ვარდისფერ ფერებში ბუშტები და ცისარტყელები არ გვიწევს ხოლმე, სულ ვიბრძვით. მთავრობა არის ცალკე და არანაირ კონტაქტში ჩვენთან არ შემოდის. იღებენ კანონებს, რაღაც აქტებს და ბიზნესს აბსოლუტურად არაფერს ეკითხებიან. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენზე წერენ კანონებს და არაფერს გვეკითხებიან, საერთოდ კონსულტაციები არ ხდება. მიშას დროსაც ასე იყო, სულ ამაზე ვჩხუბობდი და ახლაც ასეა“, – აღნიშნავს კოტე გაბრიჩიძე.