მომსახურების სფერო იაფი უცხოელი მუშახელით ივსება

მომსახურების სფეროში უცხოელი იაფი მუშახელი მომრავლდა. განსაკუთრებით საკურიერო ბიზნესში, სადაც მიმტანებად არაერთი ჩინელი, ინდოელი და ირანელია დასაქმებული. როგორც ჩანს, საქართველოში არსებული კადრების დეფიციტის შევსებას ბიზნესი უფრო დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის მოზიდვით ცდილობს. პრობლემას ამ შემთხვევაში ენის ბარიერი ქმნის, რაც მომსახურების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და მომხმარებლებშიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მიუხედავად ამისა, ეს უცხოელების დასაქმებას ხელს არ უშლის.
თუკი ქართველები, ძირითადად, ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკაში ცდილობენ წასვლას, მათი ჩანაცვლება ადგილზე უკვე ხდება აზიელი მოქალაქეების ხარჯზე, იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოზე დაბალი ცხოვრების დონეა.
როგორც გაირკვა, ჰორეკა სექტორშიც თანდათან მატულობს უცხო ქვეყნების მოქალაქეეების რაოდენობა, ძირითადად, შუა აზიიის ქვეყნებიდან, ასევე არის რუსულენოვანი კადრებიც. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე ადასტურებს, რომ ტენდენცია მომდევნო პერიოდში განაკუთრებით თვალსაჩინო გახდება.
“როცა ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, მუშახელზე მოთხოვნაც მატულობს. ჩვენთან შემოდიან ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში დაბალი, ხელფასიდან გამომდინარე, აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ. ესენი არიან ე.წ. გასტარბაიტერები, უმეტესად შუა ზიიის ქვეყნებიდან და სხვადასხვა სექტორში, საკურიერო კომპანიებსა და ავტოგასამართ სადგურებზეც საკმაოდ მომრავლდნენ. იქ, სადაც ენის ბერიერია, იქ არ არიან დასაქმებული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ამ მხრივ პრობლემა არავის შექმნია.
ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ვითარდება, აქვს კადრების დეფიციტი. დღეს იშვიათად მეგულება სახელმწიფო, სადაც კადრების პრობლემა არ არის, შესაბამისად, შევსება უფრო დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან კადრების მოზიდვით ხდება. ეს პრობლემა დღეს ამერიკასა და ევროპასაც უდგას, ამიტომაც არის, რომ ლეგალურად თუ არალეგალურად, ამერიკა უშვებს ადამიანების შესვლას მექსიკის საზღვრის გავლით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში შეუძლია მარტივად ჩაკეტოს საზღვარი.
ჩვენთანაც სახელმწიფომ კადრების მოზიდვა სხვადასხვა ქვეყნებიდან უნდა მოახერხოს ბიზნესთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ვერ გადაიჭრება”, – ამბობს ბურჯანაძე.
სამუშაო ძალის შემოდინებაზე ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემაც. მისი თქმით, სხვა ქვეყნებიდან კადრების შემოდინების პროცესი წინა წლებში დაიწყო და სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი პირველია.
,,საქართველოდან გადინებამ გამოიწვია ის, რომ მუშახელის ჩანაცვლების საჭიროება გაჩნდა ქვეყანაში. ჩვენი მოქალაქეები საქართველოდან მიდიან პოლონეთში, აქედან სხვა ქვეყნებში, ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. მთავარია, რომ მუშა ხელზე მოთხოვნა გაიზრდა, რაც ადასტურებს, რომ ეკონომიკა ვითარდება. დანარჩენი, თუ რით ჩანაცვლდება დეფიციტური ბაზარი, ამას უკვე მოთხოვნა-მიწოდება დაარეგულირებს”, – აღნიშნა ჭელიძემ და დასძინა, რომ სამუშაოს მაძიებელ ქართველს, თუ ის კვალფიციურია, სამსახურის შოვნა ადგილზე არ უჭირს, თუმცა მეტი ანაზღაურების გამო ხალხი მაინც ცდილობს ქვეყნიდან წასვლას, რის ტენდენციაც ფაქტობრივად ყველა ქვეყანაშია.
,,ადამიანების ჩამოყვანაში ვერ ვხედავ პრობლემას თუ ადგილზე ვერ გამოინახა კადრი, სხვა ძალით ჩანაცვლება მოგვიწევს. ის, რომ ქართველი დარჩეს უმუშევარი, ასე არაა. მოდიან ჩვენზე ღარიბი ქვეყნების მოქალაქეები, ასეა ძირითადად – ნაკლებად განვითარებადი ქვეყნებიდან უფრო განვითარებადებში მიდიან. გააჩნია, რომელ ქვეყნებს აირჩევენ. ქართველებისთვის ასეთია თურქეთი, პოლონეთი და ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანა. თვითონ პოლონელები -ში მიდიან სამუშაოდ, მიგრაციული პროცესია”, – განმარტავს მიხეილ ჭელიძე.
რაც შეეხება კონკრეტულად საკურიერო სფეროს, როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ,,ეტიკის” ხელმძღვანელმა ამირან შენგელიამ განაცხადა, ხშირად პრობლემაა როგორც ენის ბარიერის კუთხით, ასევე მომსახურების ხარისხიც, რადგან უცხოელი კურიერები ქალაქს არ იცნობენ და ვერც დროულ მიწოდებას უზრუნველყოფენ.
,,როგორც მომხმარებელს, არ მინდა კურიერი, რომელიც ჩემს ნათქვამს დანიშნულების ადგილამდე ვერ მიიტანს. ელემენტარულად, მისამართი არ იცის, რაც კვების სეგმენტში უკვე პრობლემაა. ცხელ პიცას გამოიძახებ, მოვა და უკვე ცივია, ის პროდუქტი არ არის ისეთი, როგორსაც ელი. რა მომიტანა, როგორი და ვის მოუტანა, ხომ უნდა ახსნას! ინდოელები იაფ მუშახელს წარმოადგენენ და კომპანიებს მათი დასაქმება უღირთ, არავინ ფიქრობს, რომ ასეთი დამოკიდებულება მომხმარებელთა ინტერესებზე ცუდად აისახება. აქ არ არის მხოლოდ ენის ბარიერი, თბილისის ქუჩების უცოდინრობა ასევე პრობლემაა. ცენტრალური უბნები ასე თუ ისე იციან, მაგრამ გარეუბნებში ვერ აგნებენ, სრული ქაოსია.
იწავლონ ქართული და დასაქმდნენ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. როცა საზღვარგარეთ ჩავდივართ, ჩვენს ენაზე არავინ გვესაუბრება. რუსულენოვად კადრებთან დაკავშირებით სხვაგვარადაა, ავად თუ კარგად, მათ ვაგებინებთ, თუმცა თვითონაც ცდილობენ ნაკლებად ჰქონდეთ პრობლემა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში შემკვეთიც და შემსრულებელიც უმეტესწილად რუსულენოვანია.
კურიერებზე საკმაოდ მაღლი მოთხოვნაა და მომსახურებაც უფრო ხარისხიანი უნდა იყოს, სინამდვილეში ძალიან დაბალი დონეზეა ეს სფერო, ელემენტარულ უფლებებში თვითონაც არ არიან გარკვეული, სრული ქაოსია”, – აღნიშნავს ამირან შენგელია.
წყარო: რეზონანსი