მომსახურების ექსპორტი იმპორტს აჭარბებს. მომსახურებით ვაჭრობის პროფიციტი, ძირითადად, ტურიზმს უკავშირდება – Gnomonwise

საქართველოში მომსახურების ექსპორტი იმპორტზე მეტია, – წერია Gnomonwise-ის კვლევაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ მომსახურებით ვაჭრობის პროფიციტი, ძირითადად, ტურიზმს უკავშირდება.
„საქართველოში, საქონლით ვაჭრობისგან განსხვავებით, მომსახურების ექსპორტი უფრო მეტია, ვიდრე იმპორტი. 2024 წელს, საქართველოდან 7 699.9 მლნ დოლარის ღირებულების მომსახურების ექსპორტი (წლიური 9.2%-იანი ზრდა) განხორციელდა, როცა იმავე პერიოდში იმპორტის ჯამური ღირებულება 3 822.9 მლნ აშშ დოლარი (წლიური 5.6%-იანი ზრდა) იყო.
მომსახურებით ვაჭრობის პროფიციტი ტურიზმს უკავშირდება. მომსახურების ექსპორტში ტურიზმის როლი მაღალია, რადგან ამ უკანასკნელის კონტრიბუცია ნახევარს აღემატება. თუმცა, ასევე, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორს არანაკლები მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგი, ეკონომიკის სხვა მიმართულებებთან შედარებით, სწრაფად მზარდი სექტორია. ბოლო ათწლეულში ეკონომიკის უმეტესი დარგი თითქმის გაორმაგდა, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში რეალური ეკონიმიკური ზრდა 4.7-ს უტოლდება“, – ვკითხულობთ Gnomonwise-ის კვლევაში.