არქიმანდრიტ შიო კვარაცხელიას ცნობით, ეპარქიალური კომისია მოუწოდებს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული განცხადებები შეწყვიტოს და სინანული გამოთქვას.
როგორც არქიმანდრიტი აცხადებს, ამის შესახებ მას 28 დეკემბერს დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მისწერა.
არქიმანდრიტ შიო კვარაცხელიას ცნობით, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მისწერა, რომ მის მიერ „გაკეთებული განცხადებები (როგორც ტაძრის ამბიონიდან, ისე საჯარო სივრცეში) არის ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი არა მხოლოდ პერსონალურად კომისიის წევრებისა, არამედ პატრიარქისაც, ვისი კურთხევითაც მოქმედებს კომისია“.
„მაუწყა, რომ ეპარქიალური კომისია მომიწოდებს დაფიქრებისკენ და რომ შევწყვიტო მსგავსი განცხადებები და გამოვთქვა სინანული. ანუ მომიწოდეს სიკვდილისკენ, მომიწოდეს იმისკენ, რომ გავხდე მათნაირი — დადუმებული უსამართლობაზე და ძალადობაზე. მომიწოდეს ბოდიში მოვიხადო მართალი სიტყვისთვის. ნუ იყოფინ. ამას უყოყმანოდ სიკვდილს ვამჯობინებ.
„გამშორდი სატანა, საცდური ხარ ჩემთვის, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ კაცისას“ (მთ. 16,23). პირველი ბრალდება არის „ისმინე ეგზარქოსო“ — ამ სიტყვებით დასათაურებული მაქვს ერთ-ერთი ჩემი ინტერვიუ, სადაც კონკრეტულად სახელობით არავისთვის მიწოდებია ეგზარქოსი; უბრალოდ სათაურად შევარჩიე. საკვირველია, ამ სიტყვებში ვინ და რატომ დაინახა თავისი თავი და ვის ღრღნის ეჭვი, რომ ეგზარქოსია? ფაქტი ერთია: კომისიის წევრებიდან რომელიღაცამ ინტერვიუს ამ სათაურში თავისი თავი იეჭვა და სწორედ ამ ეჭვის ნიადაგზე სიტყვები „ისმინე ეგზარქოსო“ ბრალი წამიყენა.
რა ჰქვია საქციელს, როცა დარაჯებს აძლევ ბრძანებას, რომ არქიმანდრიტები არ შეუშვან საპატრიარქოში, რაც მოხდა მამა ილიას გასამართლების დღეს, როცა მისი მოძღვარი — არქიმანდრიტი დოროთე, იღუმენი ანდრია და მე ვითხოვდით შესვლას?
რა ჰქვია საქციელს, როცა რჯულის კანონი შენს პირად ინტერესებზე გაქ მორგებული და კომისიაზე მბრალდებელი, ბრალდებული, დაინტერესებული პირი და მოსამართლე — ყველაფერი თვითონ ხარ, და არქიმანდრიტს ისე უჩერებ მღვდელმოქმედებას, რომ არა თუ არ იბარებ, არამედ არც კი მიიჩნევ საჭიროდ აუწყო, რომ მის საქმეზე კომისია იკრიბება — უსამართლობა ხომ არა?
რა ჰქვია საქციელს, როცა მამა დოროთე კომისიაზე დაიბარეთ და არც კი აუწყეთ, ისე წინა დღეს დასაჯეთ, თითქოს პატრიარქმა დასაჯაო და არა კომისიამ? ამით ვერც კი ხვდებით, რომ პატრიარქს უსამართლობაში ცილი დასწამეთ — თითქოს მან, თქვენსავით, მოსმენის გარეშე დასაჯა მღვდელი. ამას ხომ ანა, კაიაფა და პილატეც არ აკეთებდნენ: მათ ხომ ქრისტე სამსაჯავროს წინაშე დააყენეს და თავის მართლების საშუალება მისცეს, თქვენგან განსხვავებით.
რა ჰქვია საქციელს, როცა ჯერ პატრიარქის ხელმოწერილ დოკუმენტს აქვეყნებ მამა დოროთეს დასჯაზე და შემდეგ — კომისიის შუამდგომლობას პატრიარქთან? ცრუ დოკუმენტი ხომ არა? შემთხვევით თანმიმდევრობა ხომ არ აგერიათ, ან იმის იმედი ხომ არ გქონდათ, რომ ვერავინ შეამჩნევდა? თუ იცოდით, რომ გაგივიდოდათ ეს ყველაფერი და არც კი გაინტერესებდათ წესი, სამართალი და რჯული?
რა ჰქვია საქციელს, როცა მამა დოროთეს შეურაცხყოფას აყენებენ სასულიერო პირები და ჩინოვნიკები: ერთნი უსინდისოს, ეგრედ წოდებულ არქიმანდრიტს და მწვალებელს უწოდებენ, მეორენი კი — გოთვერანს, და თქვენ მათ ნადიმებს უმართავთ. მიკერძოება ხომ არა? რომელი ერთი მათგანი დასაჯეთ ან დაიბარეთ თქვენს „სამართლიან“ კომისიაზე, ან შენიშვნა მაინც თუ მიეცით?
ნუთუ ეს ყოველივე არ მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი სამართალი აღარ არის მართლმკვეთელი? ნუთუ ეს ოკუპაცია არ არის? ნუთუ ამ ყველაფრის მერე უნდა მინდოდეს მეუფე შიოს მოსაწონი და მისგან დაჯილდოებული ვიყო? ნუ იყოფინ!
თუ ყურადღებით დააკვირდებით — და ვიცი, რომ გვაკვირდებით — ნახავდით, ალბათ, რომ მათგან განსხვავებით მე არავის მოვიხსენიებ მსგავსი სიტყვებით, არამედ მათ ქმედებებს ვაფასებ. მერწმუნეთ, არის სხვაობა შეურაცხყოფასა და შეფასებას შორის: მაგალითად, „გოთვერანი“ და „უსინდისო“ შეურაცხყოფაა, ხოლო „უსამართლობა“, „ოკუპაცია“, ,,სუდარაგადაფარებული” მოვლენის შეფასებაა.
როცა ვამბობ, რომ „ქართულმა ოცნებამ სუდარა გადააფარა ეკლესიას“, აქ შეურაცხყოფაში ან ცილისწამებაში რა იგულისხმეთ და რა გეწყინათ — ქართული ოცნების კრიტიკა, თუ თქვენი დუმილი და თქვენგან დაუცველი სამწყსო, რომელიც რეჟიმმა ჯერ სცემა და აწამა, და შემდეგ ქიმიური იარაღით დაწამლა? სწორედ ამ ყველაფერზე დუმილისა და ქართველი ხალხის მგლებისთვის შეტოვების გამო ვუწოდე საპატრიარქოს სუდარაგადაფარებული.
და ბოლოს — მეცინება. მეცინება იმაზე, რომ მეუფე ზენონის მიერ ნათქვამი სიტყვები: „არასდროს ასეთი ბნელი დროება არ ჰქონია ეკლესიას, როგორიც ახლა აქვს. მეუფე შიოს აქვს მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერა, ეკლესიასაც სძინავს და სახელმწიფოსაც სძინავს“, — მეუფის ეს სიტყვები მე წამიყენეთ ბრალდებად. რა ხდება, მეუფე ზენონს ვერ შებედეთ და ჩემზე იყრით ჯავრს? თუ მეუფე ზენონის ინტერვიუს გაზიარებაში მადანაშაულებთ? თუ ჩემი გასამართლება იმდენად გწყურიათ და დაგიბნელდათ გონება, რომ სხვის ნათქვამს მე მომაწერთ? და ვინ გამოდის ცილისმწამებელი?
P.S. და ბოლოს, შემდეგისთვის რომ იცოდეთ: მართალი არქიმანდრიტები მართალი სიტყვისთვის ბოდიშს არ ვიხდით და არც უკან ვიხევთ. ნუ იყოფინ!
დაე ქრისტე ღმერთმა განსაჯოს ჩვენ შორის მართალი“, – წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია.




