მომდევნო 5 წელში რუსეთთან ომისთვის უნდა მოვემზადოთ – ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაური
გაერთიანებული სამეფო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ომისთვის უნდა მოემზადოს – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი სერ პატრიკ სანდერსი The Telegraph-თან ინტერვიუში აცხადებს.
სანდერსის თქმით, ამისთვის ბუნკერების მშენებლობა და საჰაერო თავდაცვის სისტემებში ინვესტირებაა საჭირო.
გენერალმა სანდერსმა, რომელიც გასულ ზაფხულს გენერალური შტაბის უფროსის პოსტი დატოვა, აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა უნდა აღიაროს, რომ ვლადიმირ პუტინთან ომი 2030 წლისთვის “რეალისტური შესაძლებლობაა”.
სერ პატრიკმა განაცხადა, რომ არ იცის, კიდევ რამდენი “სიგნალი” უნდა მიიღოს ბრიტანეთის მთავრობამ იმის გასაცნობიერებლად, რომ ქვეყანამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს.
“თუ რუსეთი უკრაინაში ბრძოლას შეწყვეტს, ჩვენ იმ სიტუაციამდე მივალთ, როდესაც რამდენიმე თვეში მას ექნება შესაძლებლობა განახორციელოს შეზღუდული მასშტაბის თავდასხმა ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე, რომლის დაცვაზეც ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი და ეს 2030 წლისთვის მოხდება” – თქვა გენერალმა.
სერ პატრიკმა ასევე განაცხადა, რომ არმიის ხელმძღვანელობის დროს მთავრობისთან საუბრის უშედეგო მცდელობა ჰქონდა, რათა შესაძლო თავდასხმისთვის მზადების ფარგლებში, სამოქალაქო ბომბსაფარებისა და სამხედრო სარდლობის მიწისქვეშა ცენტრების მშენებლობა განხორციელებულიყო.
“ყოველთვის ერთსა და იმავე არგუმენტზე მიდიოდა საუბარი – თითქოს ეს ძალიან ძვირი ჯდებოდა, პრიორიტეტული არ იყო და საფრთხე საკმარისად მოახლოებულად ან სერიოზულად არ აღიქმებოდა, რომ ასეთ ინვესტიციად ღირდეს” – თქვა მან.
დადებით მაგალითად მან ფინეთი დაასახელა:
“ფინეთს ბომბსაფარები 4.5 მილიონი ადამიანისთვის გააჩნია. მათ, როგორც მთავრობას, ისე საზოგადოებას – რუსეთის მხრიდან პირდაპირი სარაკეტო და საჰაერო შეტევების პირობებშიც კი შეუძლიათ არსებობა. ჩვენ ამას არ ვფლობთ.”
“შეხედეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რეალურად აცნობიერებენ საფრთხეს – ესტონეთი, პოლონეთი, სკანდინავიური ქვეყნები – იქ მთავრობები ძალიან სერიოზულად და პრაგმატულად უდგებიან საკითხს და ცდილობენ, მოსახლეობას გააგებინონ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაესხან თავს.
ამიტომაც აწვდიან მათ კონკრეტულ ინსტრუქციებს, როგორ მოემზადონ ასეთი სიტუაციისთვის – ენერგომომარაგების ან საწვავის დაკარგვისთვის, საკვების მარაგისთვის, ურჩევენ, რომ ჰქონდეთ თავიანთი თავდაცვითი ბუნკერები, იქნება ეს სარდაფებში თუ სამოქალაქო თავდაცვის ფარგლებში და მოქალაქეებს ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ” – თქვა გენერალმა.
არმიის ყოფილმა მეთაურმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვაში დაფინანსება საჭირო ნიშნულზე “მნიშვნელოვნად ნაკლებია” და მთავრობას ამ მიმართულებით დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდა.
დამატებითი დაფინანსება ასევე უნდა გულისხმობდეს რეზერვული სისტემების უზრუნველყოფას, რათა კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის – როგორიცაა გაზსაცავები, ელექტროენერგიის წარმოება და მონაცემთა ცენტრები – დაზიანების შემთხვევაშიც კი ქვეყანამ ფუნქციონირება შეძლოს.
გენერალმა სერ პატრიკმა აღნიშნა, რომ ის არ თვლის, რომ ბრიტანეთში ისრაელის მსგავსად Iron Dome-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა საჭიროა. თუმცა დაამატა, რომ „მსგავსი დაცვის სისტემები“, რომლებიც შეძლებენ საფრთხის აღმოჩენას და მოქალაქეების დაცვას „მტრის დრონებისგან“, უნდა გახდეს სამხედრო ძალის „მომდევნო დიდი ეტაპის“ ნაწილი.
გენერალი ასევე თვლის, რომ „ამ ეტაპზე, ბრიტანეთის არმია ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ინტენსიურ ომს პირველ თვეებზე მეტხანს გაუძლოს. მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს მეტი ჯარისკაცი სჭირდება.
“პირველი, ვისაც უნდა მივმართოთ, არიან რეზერვისტები, მაგრამ რეზერვებიც ძალიან მცირეა. 30,000 რეზერვისტიც კი მხოლოდ 100 000-იან არმიას გვაძლევს. როგორც იცით, მე არმიას ცივი ომის დროს შევუერთდი, როცა რეგულარული სამხედროების რაოდენობა 140 000-მდე იყო და დამატებით კიდევ ბევრად დიდი რაოდენობის რეზერვიც გვყავდა” – თქვა მან
გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია იმით, რომ ახლახან გამოქვეყნებულმა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა “ამ საკითხს საერთოდ არ შეეხო”.
მისი თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს ცრუ უსაფრთხოების შეგრძნება დაეუფლა და ამ “მშვიდობის დივიდენტმა” ბრიტანეთი დაუცველი დატოვა.
“დღეს ჩვენ უნდა გავიღვიძოთ და გავაცნობიეროთ, რომ ის სამყარო წარსულს ჩაბარდა. სამყარო ისეთივე, თუ არა მეტად სახიფათო გახდა, როგორც ცივი ომის დროს. მე ყოველთვის მაწუხებს ის უსაფრთხოების შრეები, რაც გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მაშინებს ჩვენი გამძლეობა – ჩვენი უნარი, გამოვასწოროთ დარტყმების შედეგები, დავიცვათ სამოქალაქო მოსახლეობა და დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოება აცნობიერებს – ეს აღარ არის ის, რაც სხვაგან ხდება, ეს შეიძლება თავად ბრიტანეთშიც მოხდეს” – განაცხადა მან.
სერ პატრიკი რუსეთის შემდეგ შესაძლო სამიზნეებად სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებს ასახელებს.
მისი აზრით, ბრიტანეთის მთავრობის გეგმები თავდაცვითი ხარჯების გაზრდის შესახებ დადებითია, თუმცა არასაკმარისი. გენერალი შიშობს, რომ მთავრობამ ხარჯვის ახალ ნიშნულებს შესაძლოა უკვე გამოყოფილი თანხების სამხედრო დანიშნულებაში ანგარიშით მიაღწიოს.
ასევე, გენერალი სერ პატრიკი დადებითად აფასებს “მსურველთა კოალიციის” იდეას, თუმცა ამბობს, რომ კოალიციის სამხედროები დასავლეთ უკრაინაში უკვე უნდა იყვნენ განთავსებულნი და უკრაინელებს სამხედრო მომზადებაში ეხმარებოდნენ.
გენერალი ასევე ხაზს უსვამს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ რეგიონში არასტაბილურობამ შესაძლოა ევროპულ ქვეყნებში მასშტაბური მიგრაცია გამოიწვიოს, რამაც შესაძლოა ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესოს.
ის ასევე აღნიშნავს ირანის საფრთხეს და თვლის, რომ ბრიტანეთის წინააღმდეგ ირანის მიერ რომელიმე მარიონეტული ძალის მეშვეობით თავდასხმა “გამორიცხული არაა”.
tabula.ge