“ბათუმში, ტექინსპექტირების ცენტრ “გივაში” გასულ წელთან შედარებით ავტომობილის ტექდათვალიერებაზე მიმართვიანობა 30-40%-ითაა შემცირებული”, – ამის შესახებ BMG-ს ცენტრის დირექტორი, გიორგი კენჭაძე ესაუბრა.
მისი თქმით, შექმნილი ვითარება სექტორს საშუალებას არ აძლევს, განვითარდეს. ამასთან, კენჭაძემ მთავრობის მიერ, ტექდათვალიერების რეფორმის ფარგლებში მომსახურებაზე, 7 წლის წინ დაწესებული ფასების გადახედვის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს სხვა სფერო, რომელსაც მომსახურების გაძვირების უფლება არ აქვს.
“შეიძლება ჩემი სადგური უფრო დიდი და გამართულია და მომართვიანობა ცოტა მეტი აქვს, მაგრამ გასულ წელთან შედარებით, 30-40%-ით ნაკლები მომართვიანობა გვაქვს. კომპანიას ვარჩენ და მოგება აღარ მრჩება, რომ რაღაც განვავითარო, უკეთესი პირობები მქონდეს. კომპანიას კი ვინახავ, მაგრამ განვითარების საშუალება არ მაძლევს ის სიტუაცია, რაც ახლაა შექმნილი. ბევრს უფრო ცუდი პრობლემები აქვს, განვითარებას კი არა თავის გადარჩენის რეჟიმში არიან.
მიტოვებულ სფეროდ გამოვედით, სფერო არ არის სახელმწიფო მომსახურების სისტემაში, რომ ფასები არ გაიზარდოს და ჩვენ სახელმწიფომ რეგულაცია დაგვიწესა და არ იძლევა საშუალებას, რომ მომსახურების საფასური გავზარდოთ”, – ამბობს გიორგი კენჭაძე.
ტექინსპექტირების სექტორი მომსახურების გაძვირების საჭიროებაზე რამდენიმე თვეა საუბრობს, რეფორმის ამოქმედებიდან 7 წლის შემდეგ ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანებამ სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ ეს დაასახელა. “გივას” დირექტორიც მიიჩნევს, რომ ფასების 30%-იანი გაძვირება იმ პრობლემებს მოაგვარებდა, რომლებიც ცენტრებს აქვთ.
“შარშან შევამჩნიე, რომ აპარატურამ, რომელიც 7 წელია მუშაობს, ფაქტობრივად, რესურსი მთლიანად, ყველა ცენტრში ამოწურა, თუ განახლებული არ არის. შევამჩნიე, რომ ის აპარატურა, რომელიც ცოტა ზედმეტად იყო დატვირთული, უკვე გამოსულია მწყობრიდან და, მაგალითად, შარშან, იმის გამო რომ ერთ ხაზზე გამეახლებინა აპარატურა, 70 ათასი ლარი გადავიხადე, კრედიტი ავიღე. საჭიროებას ყველა ამჩნევს, მაგრამ ეს დამოკიდებულია, რამდენად აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.
ამის გარდა, აქ არის საუბარი თანამშრომლების ხელფასზე. ადამიანი, რომელსაც სამი წლის წინ 1000 ლარს ხელფასს ვაძლევდი, სიამოვნებით მუშაობდა, უკვე 1500-1700 ლარიან ხელფასზე კმაყოფილი არ არის; ინფლაციაა, გაიზარდა ყველაფრის ხარჯები და ყველა გადასახადი, არ ყოფნის ეს თანხა ადამიანს, რომელიც დილას 9-ზე უნდა მოვიდეს და 6 საათამდე ფაქტობრივად მუხლჩაუხრელად უნდა იმუშაოს. სხვა ხარჯებიც გაიზარდა, მეტი ელექტროენერგია იხარჯება, კომფორტი გინდა, გათბობა გინდა, თანდათან იზრდება ხარჯები და შემოსავალი იგივე რჩება. მაშინდელი კურსით დოლარი უფრო მეტი გამოგვდიოდა, ვიდრე ახლა გამოგვდის და აღარ გამოდის ბიზნესის კუთხით ისე, როგორც გათვლილი გვქონდა. თუ ოდნავი მატებაც იქნება, არ ვამბობ 50-100%-იან მატებაზე, 30%-ის ფარგლებშიც რომ იყოს, ეყოფა იმ ხარჯების დაფარვას, რაც ამ წუთას ყველა ცენტრს პრობლემად უდგას”, – ამბობს გიორგი კენჭაძე.
ტექინსპექტირების ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ სექტორი მიჰყვება სახელმწიფოს ხედვას, მაგრამ აქვს მოლოდინი, რომ მთავრობაც დაინტერესდება მისი განვითარებით: “ახალი რეგულაციები შემოიღეს და წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, რაღაცებს ქმნიან და ყველაფერზე ვეთანხმებით, მივყვებით სახელმწიფოს, იმიტომ რომ მისი ხედვა ასეთია და ჩვენ თანახმა ვართ, ფეხი ავუწყოთ, მაგრამ უკუგებაც ხომ უნდა იყოს და სახელმწიფომაც ხომ უნდა აგვიწყოს ფეხი, რომ გადავრჩეთ და სფერო ვამუშაოთ ნორმალურად. არ გვინდა, რომ ეს სფერო დაბრუნდეს გაურკვეველ და ცუდ სქემებში, ყველა ცდილობს, რომ სუფთა, წესიერი და ლამაზი სისტემა იყოს, რომ ქვეყანასაც წაადგეს, გარემოსაც და მოსახლეობასაც”.
