ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნუცა ჟღენტი ამბობს, რომ ზონის მიმართ დაინტერესება მზარდია. მან ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, თიზში ჯამურად დაახლოებით 40-მდე კომპანიაა წარმოდგენილი და მოლოდინია, რომ კიდევ გაიზრდება დაინტერესება, ვინაიდან გარკვეული ცვლილებებია მსოფლიო რუკაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების განაწილების მხრივ.
“ბუნებრივია, დაინტერესება არის სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადად წარმოდგენილნი არიან ინდუსტრიული და სავაჭრო ტიპის კომპანიები. ტრადიციული ინდუსტრიული მიმართულებები – ავეჯის გადამმუშავებელი საწარმო, სამშენებლო პროდუქციის წარმოება და სხვადასხვა ტიპის საწარმოები ფუნქციონირებენ. მომართვიანობა არის საკმაოდ გაზრდილი, ვინაიდან მსოფლიოში ტარიფების ომი მიმდინარეობს, რამაც გარკვეული ცვლილებები მოახდინა პირდაპირი უცხოური ნაკადების მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ზოგადად თავისუფალი ინდუსტრიული ზონები იყვნენ სწორედ პოზიციონირებულები, რომ ხელი შეუწყონ ამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარებას და ზონებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
ტრადიციული წარმოების მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან, არის გაფართოებაზე და რეინვესტირებაზე საუბარი და ასევე ახალი პროექტების შემოსვლაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში, თუმცა ჯერჯერობით ვერ დავაანონსებთ ბუნებრივად სახელებს, ვინაიდან ეს არის მათი შეფასების პროცესი და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაგიმხელთ პოზიტიურ ცვლილებებს”,- აღნიშნა ნუცა ჟღენტმა.
კითხვაზე, რა გამოწვევებზე ხდება აქცენტირება ინვესტორების მხრიდან, ის აღნიშნავს, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო.
“ზოგადად ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური ეკონომიკური, პოლიტიკური მდგომარეობა და გარემო. გარკვეული ინდიკატორები არის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ამ საინვესტიციო გარემოს მდგრადობას. ამ თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად კარგი პოზიცია გვიჭირავს, თუმცა ამასთანავე არის შემაფერხებელი ფაქტორი – შედარებით მცირე ბაზარი, თუმცა ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ძალიან ბევრ ქვეყანასთან და რეგიონთან, რომლის სწორი პოზიციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ინფორმაციის მიწოდება პოტენციური ინვესტორი კომპანიებისთვის უნდა გაიზარდოს, ვინაიდან საქართველო, როგორც დამაკავშირებელი ჰაბი, შეიძლება გამოიყენონ როგორც ლოკაცია წარმოებისთვის და შემდგომ საქართველოდან დაფარონ ძალიან ბევრი სხვადასხვა ბაზარი”,- განაცხადა ნუცა ჟღენტმა.
bm.ge
