ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორის“ დამფუძნებელი, ანანო ბეჟანიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ მომავალ წელს წარმოების 30%-მდე ზრდას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ „ჩიკორი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, რომელსაც ქარელში, სოფელ სამწევრისში 25 ჰა-ზე გაშენებული შავი ქლიავის ბაღი და ჩირის გადამმუშავებელი საწარმო აქვს. ბრენდის ქვეშ დასაქმებულია 60-მდე ადამიანი და მომხმარებელს ე.წ. ჯანსაღი სნექის ალტერნატივას სთავაზობს.
კომპანიის დირექტორის ცნობით, კომპანია ყოველწლიურად წარმოების ზრდას ცდილობს. შედეგად, “ჩიკორის” წლიური წარმადობა ამჟამად 300 ტონა ჩირს უდრის.
„საქართველოს ბაზარზე ყველა ქსელურ მარკეტში ვართ წარმოდგენილი. დაახლოებით, 15 სახეობის ასორტიმენტი გვაქვს, როგორიცაა ჩირის კატეგორია, თხილეულის მიქსი, ასევე გვაქვს ნუგბარის კატეგორია, რომელიც შოკოლადში ამოვლებულ ჩირებს მოიაზრებს და ის ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. გარდა ამისა, გვაქვს საბავშვო ხაზიც, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელს ბავშვებისთვის განკუთვნილ საბავშვო ხემსს ვთავაზობთ. მომავალ წელსაც 20-30%-ით ზრდას ვგეგმავთ, ამასთან ვგეგმავთ დასაქმებულების ზრდასაც.
გარდა ფიზიკური ლოკაციებისა, გვაქვს ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებელს უფრო ბიუჯეტურად შეუძლია პროდუქციის წონით შეძენა. ასევე გვაქვს საახალწლო შეთავაზება, რომლის ფარგლებში b2b კომპანიებთან ვთანამშრომლობთ“, – აცხადებს ბეჟანიშვილი.
რაც შეეხება გამოწვევებს, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ კადრი რეგიონში გამოწვევაა. მისი თქმით, სოფელი ფაქტობრივად დაცლილია, შესაბამისად, მათთვის ახალი კადრების დასაქმება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამიტომ, კადრების მოძიება მთელ რეგიონში უწევთ.