მომავალ წელს საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს არტურ ლორკოვსკისა და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აგრეთვე სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის უფროსი და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ენერგეტიკის სექტორში, რომელთა განხორციელებაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დღით ადრე და დღიური ბაზრების გარდამავალი მოდელი, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მოქმედებს, აგრეთვე გადამცემი სისტემის ოპერატორების გამიჯვნაზე, „ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტით“ გათვალისწინებულ რეგულაციებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობის შემდგომ ჰარმონიზაციაზე და სხვ.
ასევე აღინიშნა, რომ მომავალ წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2025 წელი ენერგეტიკული გაერთიანების დაფუძნების 20 წლის იუბილეა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ევროპულს დაუკავშირდება.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან საქართველოს ნორმატიული ბაზის დაახლოებისა და თანამედროვე კონკურენტული საბაზრო პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ