“მომავალ წელს, გაზაფხულზე საგამოფენო სივრცის დამატებას ვგეგმავთ” – Chanta & co

ბაზარზე ბოლო ორი თვეა ჩანთების ახალი ონლაინ მაღაზია Chantebi & co გამოჩნდა. როგორც ონლაინ მაღაზიის დამფუძნებელმა, ნანიკო მღებრიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, მოთხოვნიდან გამომდინარე, მომავალ წელს, გაზაფხულზე საგამოფენო სივრცის დამატებას გეგმავს.
Chantebi & co, ჩანთების იმპორტიორი, ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წელს, აგვისტოში გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ჩანთების იმპორტის იდეა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თურქეთში მოგზაურობისას გაუჩნდა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ მაღაზია მხოლოდ 2 თვეა ფუნქციონირებს, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა.
“ჩანთების იმპორტი თურქეთიდან აგვისტოდან დავიწყე. ეს არის თურქული, პრემიუმ ბრენდის, ნახევრად ხელნაკეთი ვინტაჟური ტიპის ჩანთები. თითქმის ყველა მოდელი არის ინდივიდუალური და არ მეორდება. 1 წლის წინ, სტამბოლში მოგზაურობისას ჩანთების მაღაზია აღმოვაჩინე, სადაც ჩანთა შევიძინე და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ბიზნესის წამოწყება.
2-თვიანი ოპერირების ტენდენციით, შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მაინც უფრო მუქი ფერები უყვართ, ჩემდა გასაკვირად, მოთხოვნა ფერად ჩანთებზე ძალიან მაღალია. ოპერირების პირველივე კვირაში ზოგიერთი მოდელი გამითავდა, ხოლო 1 თვის შემდეგ ახალი პარტია შევუკვეთე. წელის ჩანთების ფასი 50 ლარიდან იწყება, ხოლო ზურგჩანთების ღირებულება, 100 ლარიდან.
ჩვენი მომხმარებლები სრულად ადგილობრივები არიან. მოთხოვნა იმდენად დიდია პროდუქციის ფიზიკურად ნახვაზე, რომ ვფიქრობ, მომავალი წლის გაზაფხულისთვის საგამოფენო სივრცე გავაკეთო. მოლაპარაკებებს სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებთან უკვე ვაწარმოებ და მომავალ წელს, სავარაუდოდ ჩვენი სივრცეც გვექნება”, – აცხადებს მღებრიშვილი.
კომპანიის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ სამომავლო პერსპექტივაში საქართველოში ჩანთების წარმოების დაწყებას გეგმავს. რისთვისაც, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს რამდენიმე სამკერვალოსთან აწარმოებს. თუმცა იმპორტიორი ასევე დასძენს, რომ წარმოების საწართველოში დაწყების შემთხვევაში ჩანთების ღირებულება გაიზრდება.