მომავალ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სესია მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რიგგარეშე სესიაზე დაგეგმილია გენერალური პროკურორის არჩევა.
ამასთან, ს განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის პროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყება და კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაა დაგეგმილი, ხოლო საშემოდგომო სესიის დროს საბოლოოდ მიიღებენ.
„ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შემოვა და შემდეგ მისი განხილვა კომიტეტებში გადაინაცვლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ამნისტიის შედეგად, დაახლოებით, პატიმრების 10% გათავისუფლდება.
„ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც პირველი ნაბიჯია იქითკენ, რაც პრემიერ-მინისტრმა მისი არჩევის დღეს განაცხადა და შემდეგ უკვე წლიური ანგარიშის დროს გაიმეორა და რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილია – შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რიცხოვნობა. ჩვენ გარკვეულწილად შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ერთი მესამედით შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა.
ეს ამნისტია, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა სახით. ცნობილია, რომ გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმა – არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ვადის განახევრება, ერთ მეოთხედით შემცირება, ერთი მეექვსედით შემცირება. საბოლოო ჯამში, ამნისტია 300-მდე მუხლს ეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ