ალიანსი მზადებაშია იმ სცენარისთვის, რომლის ხილვაც არავის სურს, თუმცა შესაძლოა ყველას მოუხდეს. იმისთვის, რომ ევროპამ თავი დაცულად იგრძნოს, მომდევნო 5 თვის მანძილზე, 90 000 სამხედრო მოსამსახურითა და მასშტაბური სამხედრო ტექნიკით – რუსეთთან ომის სცენარებზე იმუშავებს: მიწაზე, წყალში, ჰაერსა თუ კიბერ სივრცეში. რუსეთთან, ნატო-ს სიტყვებით კი “თითქმის თანასწორ მოწინააღმდეგესთან”, ომის ალბათობას ალიანსში, რომ სრული სერიოზულობით უყურებენ, იმის აღნიშვნაც კმარა, რომ ცივი ომის შემდეგ, ამ მასშტაბის წვრთნები ტრანს-ატლანტიკურ სივრცეს არ ახსოვს.
წვრთნებთან ერთად ეს იმის დემონსტრირებაცაა, რომ ნატო ერთიანია და საკრალური მე-5 მუხლის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს პრინციპით “ყველა ერთისთვის”. აქვს უნარი, უმოკლეს ვადებში გადატყორცნოს ძალები ჩრდ. ამერიკიდან ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე. პირველ რიგში კი, აგრესორი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, ბალტიისპირეთში და პოლონეთში, სადაც წვრთნების ყველაზე საკვანძო ეტაპია დაგეგმილი. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ალიანსისთვის ეს ყველაზე საყურადღებო არეალია რუსეთის მეზობლად.
ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ამპლუაში, წვრთნებში პირველად მიიღებს მონაწილეობს რუსეთის მეზობელი ფინეთი, და შვედეთიც, რომელიც სულ მალე გახდება ალიანსის 32-ე წევრი. ნორვეგია, რუმინეთი – სამხედრო სწავლება ყველას შეეხება. მხოლოდ ბრიტანეთი “მტკიცე დამცველი 2024” -ისთვის 20 ათას სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის აღმოსავლეთ ევროპაში, თავისი ავიამზიდებით, სადაზვერვო თვითმფრინავებითა თუ გამანადგურებლებით. გერმანიას ამ წვრთნებში ჰაბის როლი ერგო და ლოჯისტიკურ საჭიროებებზე იმუშავებს. ბერლინში არ ერიდებიან იმის თქმას, რომ რუსეთის შესაძლო თავდასხმას, მომდევნო 5-8 წლის განმავლობაში ელიან.
შვედეთი ჯერ კიდევ თურქეთისა და უნგრეთის მწვანე შუქს ელის ნატო-ს წევრობისთვის. და ვიდრე ელის, უმაღლეს დონეზე აკეთებს განცხადებებს შესაძლო ომის თაობაზე შვედეთში. თავდაცვის მინისტრის შემდგომ კი, შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებებმა, მოსახლეობაში შიში, ოპოზიციაში კი კრიტიკაც გამოიწვია. თუმცა დღეს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეთაურმა, შვედი მაღალჩინოსნების პოზიციები დაიცვა და აღნიშნა, რომ კარგია თუ მოსახლეობა რუსული საფრთხის გააზრებას დაიწყებს.
მზადყოფნაზე მუშაობას ჩრდ-ატლანტიკური ალიანსი, “მტკიცე დამცველი 2024-ით” მომდევნო კვირას დაიწყებს და მაისამდე განაგრძობს. თუმცა 50-ზე მეტი ხომალდი, 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი, ვერტმფრენები, დრონები, საბრძოლო მანქანები და ტანკები აღმოსავლეთ ევროპაში გაცილებით მეტ ხანს დარჩება.