მომავალი წლის I კვარტალში, ტესტირების დასრულების შემდეგ, ვისმჯელებთ გვინდა თუ არა ციფრული ლარის გამოშვება – ებანოიძე

ციფრული ლარის პროექტზე ეროვნული ბანკი უკვე წლებია მუშაობს. გასულ წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა.
როგორც საქმის კურსში ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლამ ებანოიძე აცხადებს, ტექნოლოგიურ პარტნიორთან ერთად ამ ეტაპზე ტექნოლოგიის ტესტირების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება. ებანოიძის თქმით, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად ღირს პროექტში ინვესტირება და ციფრული ლარის გამოშვება.
“ციფრულ ლართან მიმართებაში ჩვენი გაცხადებული სტრატეგია იყო, რომ გადაწყვეტილი არაფერი არ არის, გადავდივართ თუ არა ციფრულ ლარზე. ჩვენი მიზანი და სტრატეგია ზუსტად გამომდინარეობს ახალი ტექნოლოგიების ადრეულ ეტაპზე გატესტვის მიმართულებიდან გამომდინარე. ჩვენ ბლოკჩეინზე ვტესტავთ ამ ტექნოლოგიას, გვყავს უკვე ტექნოლოგიური პარტნიორი და 5 ე.წ მაგალითს ვტესტავთ პარტნიორთან ერთად. მომავალი წლის პირველ კვარტალში ეს ტესტირება დასრულდება და გამოვა ანგარიში ამის შესახებ, რაც მოგვცემს საშუალება ფაქტებზე დაყრდნობით, ტექნოლოგიების გატესტვაზე დაყრდნობით, ვიმსჯელოთ გვინდა თუ არა ამ პროექტში სამომავალოდ კიდევ უფრო მეტად ინვესტირება და ციფრული ლარის გამოშვება არსებულ გადახდის საშუალებებთან ერთად,” – ამბობს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლამ ებანოიძე.