მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება და 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება | კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მოხდება, ბოლო ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.
კალაძის თქმით, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება.
“თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, რომელთაც სპეციალური დამუშავება, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. უკვე მთლიანად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე, გუდიაშვილის მოედანი”, – თქვა კალაძემ.
მერის თქმის, მომდევნო ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით.
“საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება. სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რადგან ბევრი შენობა-ნაგებობაა და ამას საგზაო ინფრასტრუქტურაც ემატება”, – ამბობს კალაძე.