მომავალი თაობა აუცილებლად დააფასებს დღევანდელ ბრძოლას ოჯახური ღირებულებებისა და ერის იდენტობის შესანარჩუნებლად. ეს ისტორიას დარჩება, როგორც ერისა და ბერის უპრეცედენტო გაერთიანება
„საქართველომ მარტომ და პირველმა გაარღვია ღირებულებათა ბრძოლის ის ველი, სადაც მთელი ლიბერალური სამყარო კლავდა და ანადგურებდა ყოველგვარ სიწმინდეს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და 17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს ეხმიანება. ექსპერტის თქმითვე, ღირებულებებისაგან დაცლილ სამყაროში რთულია ბრძოლა ტრადიციების და სიწმინდეების შესანარჩუნებლად, თუმცა საქართველო ამას აუცილებლად შეძლებს. „საქართველომ მარტომ და პირველმა გაარღვია ღირებულებათა ბრძოლის ის ველი, სადაც მთელი ლიბერალური სამყარო კლავდა და ანადგურებდა ყოველგვარ სიწმინდეს.
დღეს ამერიკის ახალი ხელისუფლება და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამ ბრძოლაში ჩადგა და ბევრად უფრო მარტივია ლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ჯერ კიდევ შარშან და კიდევ უფრო ადრე ურთულესი წნეხის ქვეშ იყო ქართული ხელისუფლება მის მხარდამჭერ საზოგადოებასთან ერთად: ღიად გვილანძღავდნენ ეკლესიას, ტრადიციებს, ოჯახებს და გვაძალებდნენ მიგვეღო ის, რაც ჩვენს ჯიშში და სისხლში არასოდეს ყოფილა – ლგბტ ღირებულებებს. ჩვენმა ბრძენმა უწმინდესმა 17 მაისის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ერთი ინიციატივით მოხსნა და მას შემდეგ ეს დღე ერთობის, სიყვარულის, ოჯახის სიწმინდის და ერის იდენტობის სიმბოლოდ იქცა.
დღეს ერი და ბერი ერთიანია, დღეს ახალგაზრდა და ხანდაზმული ერთად დგას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესანარჩუნებლად. გავა დრო და მომავალი თაობა აუცილებლად დააფასებს დღევანდელ ბრძოლას ოჯახური ღირებულებებისა და ერის იდენტობის შესანარჩუნებლად. ეს ისტორიას დარჩება, როგორც ერისა და ბერის უპრეცედენტო გაერთიანება, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ მშვიდობიან პერიოდშიც გვიწევს უმძიმესი ბრძოლა ჩვენი იდენტობის შესანარჩუნებლად და ამ ბრძოლას გამარჯვებით გავდივართ. ღირებულებებისაგან დაცლილ სამყაროში ურთულესია ბრძოლა ტრადიციების და სიწმინდეების შესანარჩუნებლად, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Next: ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
