მოლოდინი გვაქვს, რომ სადაზღვევო ინდუსტრიას 2024 წელს 17-18%-იანი ზრდა ექნება – მიხეილ ჯაფარიძე

სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორის მოლოდინია, რომ 2024 წელს ინდუსტრია 17-18%-იანი ზრდით დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ სექტორის მარეგულირებელს სადაზღვევო კომპანიების 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც დავით ონოფრიშვილმა დღეს მედიასთან განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, დაზღვევის სექტორის შემოსავალი 2024 წელს 1 მილიარდ 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება.
„როგორც იცით, დაზღვევისა და ეროვნული შიდა პროდუქტის ფარდობა არის ძალიან ასიმეტრიული, რაც ნიშნავს, რომ სადაზღვევო ინდუსტრიას ზოგადად ძალიან დიდი განვითარების პერსპექტივა აქვს საქართველოში და ამ კუთხით ზრდა ყოველ წელს ხდება იმის მიუხედავად, რომ განსაკუთრებული სავალდებულო დაზღვევის სახეობები ან მსგავსი ტიპის სტიმულები ჯერჯერობით ქვეყანაში არ არსებობს, ამიტომ ბაზარი მექანიკურად თავისი ძალისხმევით იზრდება. შესაბამისად ზრდა იყო შარშანაც.
ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ 17-18%-იანი ზრდა ექნება სექტორს 2024 წელს. ძირითადად არის ის ეფექტი, რომ დაზღვეულთა რაოდენობაც გაიზარდა, მაგრამ ძირითადი ეფექტი არის ფასების ზრდა იმიტომ, რომ ინფლაციური პროცესები, რომელიც 2023 წელს დაიწყო 2024 წელსაც გადმოჰყვა.
ვფიქრობთ, რომ 2025 წელს უფრო სტაბილური იქნება ეს ზრდა, რადგან 2024 წელს ფასის უფრო აგრესიული ზრდა იყო და ამ ეტაპზე ველოდებით შედარებით დასტაბილურებას, თუ რაიმე ტიპის სხვა ცვლილებები არ იქნება ბაზარზე, რომელიც ავტომატურად მოახდენს ასახვას იმ სერვისებზე, რასაც ჩვენ ვანაზღაურებთ, რომელიც ავტომატურად გააძვირებს დაზღვევას“,- აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.