მოლოდინი გვაქვს, რომ არსებული €300-მილიონიანი ფაქტორინგული ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზრდება – ოთარ ტაბუცაძე

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ “ფაქტორინგის შესახებ” კანონპროექტი საპარლამენტო განხილვების ეტაპზე გადავიდა. აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ ქვეყანაში ფაქტორინგის ფინანსური ინსტრუმენტის ჩარჩო კანონმდებლობა იარსებებს. ფაქტორინგი დებიტორულ დავალიანებაზე დაფუძნებული ტრადიციული სასესხო პროდუქტების ერთგვარი ალტერნატივაა.
ამ ინსტრუმენტის გამოყენებით დღეს ბანკს, კანონის მიღების შემდეგ კი ფაქტორინგულ კომპანიებსაც შეეძლებათ თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდონ. შედეგად, კომპანიას აღნიშნული დავალიანების გაყიდვით, შემოსავლის წინმსწრებად მიღება შეეძლება. მაგალითად: სავაჭრო ობიექტის ნებისმიერი მიმწოდებელი მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურების საბუთის ე.წ. ინვოისის გამოყენებით, ფინანსური ინსტიტუტიდან ინვოისის ღირებულების შესაბამისი დაფინანსების აღებას შეძლებს დამატებით უზრუნველყოფის გარეშე. წინასწარ შეთანხმებული პერიოდის გავლის შემდეგ, კი პარტნიორი კომპანია ფინანსურ ინსტიტუტს უხდის ინვოისის სრულ ღირებულებას, ხოლო ფინანსური ინსტიტუტი ამ საშუამავლო საქმიანობისთვის გამოიმუშავებს საპროცენტო სარგებელს ე.წ დისკონტს.
ოთარ ტაბუცაძე, “ტერა ბანკის” საერთაშორისო ბანკინგისა და ვაჭრობის დაფინანსების დეპარტამენტის უფროსი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფაქტორინგი არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას და საბანკო სესხისგან განსხვავებით – კომპანია ყიდის თავის დებიტორულ დავალიანებას ფინანსურ ინსტიტუტზე ან ფაქტორინგულ კომპანიაზე. შესაბამისად, ეს შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც სესხის ალტერნატივა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სესხებით არიან დატვირთულები.
მისი თქმით, საფინანსო ინსტიტუტებს აქამდეც გააჩნდათ ფაქტორინგული პროდუქტები, თუმცა ჩარჩო კანონმდებლობის არარსებობის პირობებში გარკვეული რისკებიდან გამომდინარე ფაქტორინგული ბაზარი გაცილებით მცირე იყო, ვიდრე ამ ინსტრუმენტის განვითარების პერსპექტივა აჩენს.
„კანონმდებლობის არარსებობის პირობებში ფაქტორინგული სერვისები საქართველოში არ არის განვითარებული და ფინანსური ინსტიტუტები, ბანკები თავს იკავებენ და მიიჩნევენ, რომ კანონის არარსებობის პირობებში ამ პროდუქტის გამოყენება მაღალრისკიანია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის მიღება სხვა ბანკებიც დანერგავენ ამ პროდუქტს. ჩვენ ამ პროდუქტის დანერგვის პროცესში ვართ. ასევე, მას შემდეგ, რაც გაჩნდებიან ფაქტორინგული კომპანიები, გაიზრდება კონკურენციას ბაზარზე და უფრო ხელმისაწვდომი გახდება ეს პროდუქტი კომპანიებისთვის.
დღეს ფაქტორინგი ბაზარზე არსებობს, მაგრამ ლიმიტირებულად. ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ კანონმდებლობის არქონაა. რადგან როცა არ არის კანონი და რეგულაციები არ არსებობს ბევრი ბანკისთვის ეს რისკებს ზრდის და ეს პროდუქტი არ არის მიმზიდველი ფინანსური ინსტიტუტისთვის. ასევე, რადგან არ არის ცნება ფაქტორინგულ კომპანიაზე, არ ხდება ასეთი კომპანიების დაინტერესება ბაზარზე გაჩენის.
მნიშვნელოვანი კომპონენტია ინვოისების რეესტრი და ფაქტორინგული პლატფორმა, რაზედაც საუბარია კანონპროექტში, მათი გაჩენა და კანონის ძალაში შესვლა, ეს ორი კომპონენტი მოეხმარება ბანკებს უფრო ღიად შესთავაზონ ფაქტორინგული პროდუქტები ბაზარს.
ახლანდელი ფაქტორინგული ბაზარი დაახლოებით 300 მილიონი ევროს ფარგლებშია. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც კანონი ძალაში შევა“,-აცხადებს ოთარ ტაბუცაძე, “ტერა ბანკის” საერთაშორისო ბანკინგისა და ვაჭრობის დაფინანსების დეპარტამენტის უფროსი.
კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ფაქტორინგულ კომპანიებთან ერთად ჩამოყალიბდება ფაქტორინგის რეესტრი, რომელიც ავტომატურად დაუკავშირდება საქართველოს შემოსავლების სამსახურის ბაზას და ფაქტორს მცდარი ან კანონთან შეუსაბამო დებიტორული დავალიანების შეძენისგან დააზღვევს.
2023 წელს KPMG Internaional-ის მიერ ჩატარებული კვლევით ფაქტორინგის რეესტრის შექმნისთვის დაახლოებით ერთი მილიონი ლარი იქნება საჭირო, რისი დაფინანსების წყაროდ კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ჯერ კიდევ დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებს განიხილავს. ასევე შეიქმნება პლატფორმა, სადაც დებიტორული დავალიანების გამყიდველები და მყიდველები ციფრულ პლატფორმაზე ივაჭრებენ.