მოლოდინია, რომ წლის ბოლოსთვის სადაზღვევო ბაზარი ₾1.5 მილიარდიან ნიშნულს მიაღწევს – ასოციაცია (bm.ge)

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ მიმდინარე წელს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა 1.5 მილიარდ ლარს მიაღწევს.
როგორც BMG-სთან ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, წლის განმავლობაში ბაზარზე გარკვეულ პერიოდებში ზრდის ტემპის შენელება ფიქსირდებოდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ წლიურ ჭრილში დაახლოებით 17-18%-იანი ზრდა მაინც დაფიქსირდება.
“რასაც დღეს ვხედავთ, იყო პერიოდები, როდესაც [სადაზღვევო ბაზარზე] თითქოს შენელება იყო, მერე თითქოს ისევ დაჩქარდა ზრდა. მაინც ვფიქრობთ, რომ 1.5 მილიარდიან ნიშნულს მივაღწევთ წლის შედეგით. ანუ ზრდა იქნება დაახლოებით იმ დონეზე, რაც იყო ბოლო წლებში. თუ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკაში, მაშინ ეს უკვე სხვანაირი [ზრდა] იქნება, მაგრამ უკვე მომავალ წელს”, – აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებითვე, კომპანიების მიერ მოზიდული პრემია მზარდია როგორც დაზღვეულთა რაოდენობის, ასევე ფასების ზრდის კომპონენტის ფონზე.
“რომ ჩავხვედოთ მონაცემებს, ინფლაციური კომპონენტიც არის რასაკვირველია, როგორც ყველაფერში, მაგრამ დაზღვეულების რაოდენობაც იზრდება. თუმცა არა ისე, როგორც ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ იგივე ჯანმრთელობის დაზღვევაში რომ 7-8%-იანი ზრდაა ეს არ არის პატარა მაჩვენებელი. მანქანებშიც, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მცირეა დღეს დაზღვეული მანქანების რიცხვი, მაინც ზრდის ტენდენცია ფიქსირდება,” – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
ცნობისთვის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიარდი ლარის პრემია მოიზიდეს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სადაზღვევო კომპანიებს შემოსავალი 11.6%-ით გაეზარდათ.