ფეროშენადნობთა სექტორში მოლოდინები გაუმჯობესებულია და დარგის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ საწარმოების ნაწილმა მუშაობა შესაძლოა, გაზაფხულიდან განაახლოს.
ფეროშენადნობთა ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ გაზაფხულისთვის მსოფლიო ბაზარზე პროდუქციაზე ფასები გაიზრდება და ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნაც გააქტიურდება.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა BMG-ის განუცხადა, მოლოდინია, რომ თურქეთსა და აშშ-ში ფეროშენადნობებზე მოთხოვნა გაიზრდება, რამაც ქართველი მწარმოებლების გააქტიურება უნდა გამოიწვიოს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით დადებით მოლოდინებს აჩენს ზესტაფონის ფეროშენადნობის საწარმოს მიერ წარმოების ნაწილობრივი განახლება.
„იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე ფეროშენადნობებზე ფასები გაიზრდება, შესაბამისად, გაჩნდება იმედი, რომ წარმოებებმა მეტ-ნაკლებად ფუნქციონირება დაიწყონ. ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ფასი 1000-1050 დოლარია და მოლოდინია, რომ შესაძლოა, 1200 დოლარამდე ავიდეს ფასი, შეიძლება მეტიც იყოს.
კარგი ისაა, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ერთი კვირის წინ ერთი ღუმელი აამოქმედა, საწარმო მთლიანად ფუნქციონირების აღდგენას მარტიდან გეგმავს. შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე ქართული ფეროშენადნობები ისევ დიდი ოდენობით იქნება. თუ ფასებმა მოიმატა, მცირე საწარმოებიც განაახლებენ მუშაობას.
გვაქვს მოლოდინი, რომ მსოფლიოში ფეროსილიკონზე მოთხოვნა გაიზრდება. თურქეთი აპირებს სამშენებლო პროცესის დაწყებას სირიაში, თურქული მეტალით თუ დაიწყება ქვეყნის აღდგენა, ქართულ ფეროსილიკონ მანგანუმზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან დიდი ხნის პარტნიორები არიან. მოთხოვნის ზრდა ფასის ზრდასაც გამოიწვევს. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ გაზაფხულიდან ვითარება გამოსწორდება. ჩვენი დარგისთვის იმედის მომცემი ისიც შეიძლება იყოს, რომ აშშ-ში ფოლადის იმპორტზე საიმპორტო ბაჟი დაწესდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტალის წარმოების შიდა ბაზარი გაიზრდება, რაშიც ფეროსილიკონი გამოიყენება. მეტი შანსი გვაქვს, რომ ქართული ფეროშენადნობები აშშ-ს ბაზარზე უფრო ფართოდ გავიდეს“, – განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასების ვარდნის და მოთხოვნის შემცირების ფონზე, ამ ეტაპზე საქართველოში ფეროშენადნობების სექტორში მოქმედი 20 საწარმოდან მხოლოდ რამდენიმე მუშაობს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კი 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი მოქმედებს. გასულ კვირას „ჯორჯიან მანგანეზმა“ საწარმოში ერთი ღუმელის ექსპლუატაცია განაახლა.
