გადაცემა Jurnal TV-ის ეთერში, მოლდოვის გენერალური პროკურორის მოვალეობების შემსრულებელმა, იონ მუნტიანუმ თქვა, რომ გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
“ქალბატონი გუცული ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც დასრულების სტადიაში იმყოფება. გადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში იქნება მიღებული. სისხლის სამართლის საქმე გადაცემულია სასამართლოში, ჩვენ გამოძიების მასალების წარდგენით ვართ დაკავებულები. ჩვენი გადმოსახედიდან, დაგროვილია საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ქალბატონი გუცულის დანაშაულზე მიუთითებს”. – ამბობს მუნტიანუ.
მარტში, მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზის ბაშკანი (ლიდერი) სოჭში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ის პირველი მოლდოველი ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს პირადად შეხვდა.
გუცულის თქმით, პუტინმა მასთან “იმ რთულ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ პრობლემებზე ილაპარაკა, რომელთა ცენტრში ჩვენი გაგაუზია იმყოფება”. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი “მზად არის მხარი დაუჭიროს გაგაუზიასა და გაგაუზიელ ხალხს”.
მოგვიანებით გუცულმა თქვა, რომ “მოლდოველებს ევროპული სტანდარტის ცხოვრებას პირდებოდნენ, გაგაუზიის რესპუბლიკის მაცხოვრებლები კი დღითიდღე უარესად ცხოვრობენ. რუსეთი მოლდოვასთან მეგობრული ურთიერთობით არის დაინტერესებული, პრეზიდენტ მაი სანდუ ამ ურთიერთობის გაწყვეტას და ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს”.
გაგაუზიის ლიდერი ასევე შეხვდა რუსეთის ყოფილ პრემიერმინისტრს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრს, სერგეი კირიენკოს, რომელთანაც ” გაგუზიაში სასოფლო-სამეურნეო ემბარგოს მოხსნაზე და შეღავათიან ფასში გაზის მიწოდებაზე” ილაპარაკა.
სისხლის სამართლის აღძვრის ფაქტს გამოეხმაურა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანიც, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.
“ყველა მეთოდის გამოყენებით დევნიან(გუცულს). აშენებდნენ დემოკრატიას, ააშენეს დიქტატურა.
1 მარტს მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის, გაგაუზიის ლიდერები მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს შეხვდნენ.
შეხვედრას გაგაუზიის მხრიდან რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გოცული და სახალხო კრების ხელმძღვანელი დმიტრი კონსტანტინოვი დაესწრნენ.
გუცულმა თქვა, რომ მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ირღვევა გაგაუზიელების უფლებები, ხოლო ავტონომიას სურს რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, კერძოდ კი რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.
ერთი დღით ადრე მოსკოვს ასევე დახმარება სთხოვა დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.
ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.