მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო, საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა 21:00 საათზე დაიხურება.
მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის – 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის – 2%.
საზღვარგარეთ, 41 ქვეყანაში, 301 საარჩევნო უბანია გახსნილი. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში პირველად, მოლდოვას მოქალაქეებისთვის ფოსტით ხმის მიცემა 10 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი.
მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს უმრავლესობას პარლამენტში.
დასავლური მედია წერს, რომ პარტიას, სავარაუდოდ, სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, „პატრიოტული ბლოკი“, რომლის ყველაზე დიდი პარტიის – „სოციალისტების“ – ლიდერი, იგორ დოდონი სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.
მოლდოვას ოფიციალური პირები დიდი ხანია ადანაშაულებენ მოსკოვს ქვეყნის დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრის მცდელობაში ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევით და ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებით, მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის ჩაშლის მიზნით.
მაია სანდუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ცდილობს ს შედეგზე გავლენის მოხდენას ყალბი ამბებით, პარტიების უკანონო დაფინანსებით, ხმების მოსყიდვით და საპროტესტო აქციების ორგანიზებით.
ბოლო კვირების განმავლობაში პოლიციამ უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტზე უამრავი რეიდი ჩაატარა. ორშაბათს უსაფრთხოების ძალებმა 74 ადამიანი დააკავეს, ხელისუფლების თქმით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი არეულობის წაქეზების მცდელობის გამო.
დასავლური მედია წერს, რომ მოლდოვას „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი კი ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს.