მოლდოვაში კიდევ ერთ პრორუსულ პარტიას აეკრძალა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა

მოლდოვის საარჩევნო კომისიამ პრორუსული პარტია Moldova Mare-ს (დიადი მოლდოვა) უკანონო დაფინანსების ეჭვის გამო აუკრძალა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც კვირას გაიმართება. ეს უკვე მეორე პრორუსული პარტიაა, რომელიც არჩევნებამდე იქნა დისკვალიფიცირებული. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ Moldova Mare-მ უკანონო დაფინანსების წყაროები და უცხოური სახსრები გამოიყენა, როგორც ამას პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები და დაზვერვა აცხადებენ.
საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ პარტიამ გამოიყენა გაუთვალისწინებელი ფინანსური რესურსები და შესაძლოა, ამომრჩევლებს ფული გადასცა ს შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით. ხელისუფლებას ასევე აქვს ეჭვი, რომ პარტია მოქმედებდა როგორც მემკვიდრე ადრე აკრძალული პარტია „შორისა“, რომელიც მოსკოვში მცხოვრებმა პრორუსული ორიენტაციის ბიზნესმენმა ილან შორმა დააარსა.
Moldova Mare-ს ლიდერმა, ყოფილმა პროკურორმა ვიქტორია ფურტუნემ, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მიკერძოებული უწოდა და განაცხადა რომ მას გაასაჩივრებენ, იტყობინება Moldpress. ფურტუნე ევროკავშირის სანქციების სიაშია შეყვანილი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი პარტია იღებს ილან შორისგან.
კიდევ ერთ პრორუსულ პარტიას, „მოლდოვას გულს“, რომელიც პრორუსული „პატრიოტული ბლოკის“ ნაწილია, გასულ კვირაში აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა.
28 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მოლდოვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის, მომავლისთვის საკვანძო მომენტად მიიჩნევა. პრეზიდენტ მაია სანდუს ხელმძღვანელობით მმართველ პროევროპულ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ (PAS) 2021 წლიდან უმრავლესობა აქვს პარლამენტში. თუმცა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ PAS-მა შესაძლოა ეს უმრავლესობა დაკარგოს, რადგან ოპოზიციური პარტიები ცდილობენ მიიზიდონ ამომრჩევლები, რომლებიც შეშფოთებული არიან ფასების ზრდით, სიღარიბითა და შენელებული ეკონომიკით. ანალიტიკოსების თქმით, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობამ შესაძლოა გაართულოს PAS-ის ძალისხმევა 2030 წლისთვის მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად.
არჩევნების წინ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ამომრჩევლებს პროევროპული ძალების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დიდ ინვესტიციებს დებს თავისი პროტეჟეების ხელისუფლებაში მოყვანაში. სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვი „ასობით მილიონ დოლარს“ ხარჯავს მოლდოველთა ხმების საყიდლად. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ პრორუსული ძალები გაიმარჯვებენ, მოლდოვა ევროპისგან მოწყვეტილი იქნება და შესაძლოა პლაცდარმად იქცეს უკრაინის ოდესის ოლქში რუსეთის ოპერაციებისთვის.
რუსეთი ამტკიცებს, რომ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა.
ფორუმი