მოკლული მასწავლებლის ოჯახი მოითხოვს, პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გააგრძელოს

ოქტომბერში ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას ორკვირიან ვადას აძლევს, რათა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება „სწორი მიმართულებით წაიყვანოს“.
ავალიანის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა დღეს, 22 დეკემბერს, პროკურატურასთან გამართული აქციისას მოუწოდეს საგამოძიებო უწყებას, „გადააკვალიფიციროს“ საქმე, ანუ შეცვალოს გამოძიების მუხლი.
· დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და დანაშაულის შეტყობინობლობის მუხლებით;
· ოჯახი ითხოვს, გამოძიება „ჯგუფური ძალადობის“ მუხლით გაგრძელდეს.
როგორც ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა და დაღუპულის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადეს, მათი მოთხოვნაა, „დააკავონ ყველა, ვინც ჩართული იყო 28 წლის მასწავლებლის ანგარიშსწორებაში“, – რასაც მისი ჯერ კომაში ჩავარდნა, შემდეგ გარდაცვალება მოჰყვა.
ოჯახი ასევე ითხოვს, მიეცეს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიმართავენ სხვა ზომებსაც, თუმცა რას, ჯერ არ აზუსტებენ.
ოქტომბერში ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დამატებით ორი არასრულწლოვანი 20 დეკემბერს დააკავეს.
მანამდე ოჯახი დაკავებულთა წრის გაფართოებას ითხოვდა.
· ოთხიდან სამს, – მათ შორის ახლადდაკავებულებსაც, – დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
· ხოლო ერთს 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.
· 20 დეკემბერს დაკავებულ ორ არასრულწლოვანს დღეს პატიმრობა შეუფარდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს“, – განაცხადეს პროკურატურაში 20 დეკემბერს.
პროკურატურის თანახმადვე, ერთ-ერთი დაკავებული მასწავლებელზე ძალადობას ტელეფონით იღებდა:
„ა.გ. მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გ. რ. ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“.
დღესვე, მიმდინარე სასამართლო სხდომის შემდეგ, საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ აღნიშნულ საქმეზე არც დაზარალებულს და არც საზოგადოებას კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს, ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება „ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“; მან ოჯახთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვა.
· გამოძიების თანახმად, 1 ოქტომბერს 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.
· ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა – 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
· სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
· გიგა ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.