მოკვდა ტრადიციული მაღაზიების ბაზარი, ვერ შემაქვს ვერსად – “ბარამბო”

“ბარამბოს” კომერციული დირექტორი ჯანო კუცია გაყიდვების არხების შემცირებაზე საუბრობს იმ ფონზე, რომ დიდმა ქსელებმა ტრადიციული მაღაზიები ჩაანაცვლეს.

როგორც მან ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა, ქსელებმა მაღაზიები არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენეს.

“10 წლის წინ ვმუშაობდით 13 000 ობიექტში, დღეს ვმუშაობთ 3 000 ობიექტში იმიტომ, რომ დიდმა ქსელმა მოგვთხოვა ქეშბექი გაყიდვების სანაცვლოდ, ჩვენ მივეცით ეს ქეშბექი, მათ ის ასახეს ფასებზე, გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული მაღაზიები, რომლებსაც არ ჰქონდათ ამხელა ქეშბექები, კონკურენტუუნარო გახდნენ, ისინი ამოვარდნენ ამ სტრატეგიიდან და არავინ არ დაიცვა.

ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ქსელებს – 95%-ზე მეტი. სხვაგან სად გავყიდოთ, მოკვდა ეგ ბაზარი, ვერ შემაქვს ვერსად. ჩვენთვის კომერციულად საინტერესოა, რომ პატარა მარკეტში შევიდეთ, უფრო იაფი მიჯდება მათთან მომსახურება, მაგრამ აღარ არის. ნებისმიერი უბანი რომ ავიღოთ, 10 მაღაზიიდან 4 უნდა იყოს ქსელური და 6 ტრადიციული. რომელია ეგეთი უბანი შეგიძლიათ მითხრათ? მე 1999 წლიდან ვარ დისტრიბუციაში და ზეპირად ვიცი, რომელი დარჩა ეგეთი უბანი? არ არსებობს.

ვერ ვვითარდებით. თქვენ ხომ კარგად გესმით, რომ ადგილობრივ წარმოებაშია ქვეყნის დოვლათი? როგორ განვითარდეთ? ჩვენ რამდენიმე პროექტი გვაქვს რაშიც ინვესტირება გვინდა განვახორციელოთ, მაგრამ ვფიქრობთ, რატომ ჩავდოთ ფული? ელემენტარული კითხვაა ხომ ფული რომ ჩავდე როდის ამოვიღებ, რას ვიზამ?”,- განაცხადა ჯანო კუციამ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის დროებითი კომისია, კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვს და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავს.