ამის შესახებ შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებაში წერია, რაც მის Telegram-არხზე ვრცელდება.
„მრავალი მოთხოვნის გამო, რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო განათლების მიღების მსურველი ქართველი აბიტურიენტების მიღების კამპანია 15 თებერვლამდე გაგრძელდა! არ გამოტოვოთ თქვენი შესაძლებლობა, სექტემბრიდან რუსეთის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდეთ,“ – წერია განცხადებაში.
Telegram-არხის გვერდზე, ასევე, ვიდეო-სახელმძღვანელო გამოქვეყნდა, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს ქართველი აბიტურიენტი რუსეთის უნივერსიტეტში ჩასარიცხად. კერძოდ, პირველ რიგში ის უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე, „განათლება რუსეთში უცხოელებისთვის.“ პორტალის პირად გვერდზე 15 თებერვლამდე განაცხადი შეავსოს და მას ყველა საჭირო დოკუმენტი დაურთონ.
კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებული კითხვებისთვის აპლიკანტმა საზღვარგარეთ “როსოტრუდნიჩესტვოს” ან რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უნდა მიმართოს. საქართველოს შემთხვევაში ეს შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაა.
შემდეგ აბიტურიენტმა გასაუბრება უნდა გაიაროს და რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მიერ განაცხადის დამტკიცებას დაელოდოს. ბოლოს ის უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის შესახებ წერილს მიიღებს და სასწავლებლად რუსეთში გაემგზავრება.
ქართველი აბიტურიენტების განაცხადების მიღება 2025 წლის 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო რეგისტრაცია 2026 წლის 14 იანვარს უნდა დასრულებულიყო.
ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლის მიზნით საქართველოსთვის გარკვეული რაოდენობის ადგილები რუსეთის მთავრობის კვოტების პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა. სტუდენტებს, რომლებიც შერჩევის პროცესს წარმატებით გადიან, სტიპენდიები ენიშნებათ და საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფენ, ხოლო თავისუფალ დროს ოფიციალური დასაქმების უფლება აქვთ.
ცნობისთვის: რუსეთი თავის უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 ქართველ სტუდენტს იზიდავს, რადგან, როგორც წესი, ყოველწლიური უფასო სამთავრობო კვოტაც, საშუალოდ, 200-კაციანია. საქართველოში მყოფი აბიტურიენტები, ძირითადად, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებს ირჩევენ, თუმცა მოთხოვნა ასევე არის ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟისა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებზეც. ქართველი აბიტურიენტების ტოპ-სპეციალობებს შორის მედიცინა, ენათმეცნიერება, IT-სპეციალობები, სამართალი, ეკონომიკა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებები და მშენებლობაა.




