მოთხოვნა ძირითადად, მაღალი კლასის სასტუმროებზეა – სასტუმრო „უშბა“

თუ ქვეყანაში 2025 წელს საქართველოში სიმშვიდე იქნება, ძალიან ბევრი ტურისტი შემოვა, – ამის შესახებ მესტიაში მდებარე 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „უშბას“ მეპატრონემ თეა ჟორჟოლიანმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისი თქმით, ტურისტებს საქართველო ძალიან მოსწონთ და მათი მხრიდან დაინტერესება მაღალია.
“ყველა ტურისტს ვეკითხები რა შთაბეჭდილებები აქვთ საქართველოს მიმართ და ყველა დადებითად აფასებს. გარდა ამისა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან მოვლენებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ იციან სად არის სვანეთი და სად არის თბილისი. შესაბამისად, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ მოვლენების განვითარების ეპიცენტრიდან სვანეთი შორს არის და აქ ჩამოსვლა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა ჩვენზეც იქონია გავლენა, თუმცა ძალიან მცირე.
როგორც ვაკვირდები უფრო და უფრო იზრდება მაღალი სტანდარტის სასტუმროებზე მოთხოვნა. რა თქმა უნდა, საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტებს თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ძირითადად მოთხოვნა მაღალი კლასის სასტუმროებზეა”, – აცხადებს თეა ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება ზამთრის სეზონის ტენდენციებს – როგორც სასტუმროს მეპატრონე აღნიშნავს, ამ ეტაპზე “უშბა” 40%-ით არის დატვირთული, ხოლო 15 თებერვლიდან უკვე 100%-ით დაჯავშნილია.
“ზამთრის სეზონი სვანეთში 25 დეკემბრიდან იწყება და ძირითადად, 10 იანვრამდე გრძელდება. წელს აღნიშნულ პერიოდში ძალიან ბევრი დამსვენებელი იყო. 10 იანვრიდან თებერვლის დასაწყისამდე თითქმის აღარ არიან ვიზიტორები, თუმცა თებერვლის დასაწყისიდან უკვე შემოდის წინასწარი ჯავშნები. მაგალითად, მიმდინარე პერიოდში 40%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, ხოლო 15 თებერვლიდან სასტუმრო 100%-ით დაჯავშნილია.
ჩვენი მომხმარებლების 95% უცხოელია. კერძოდ, არიან თურქეთიდან, ბელორუსიიდან, დან, რუმინეთიდან და იტალიიდან. აღნიშნული ვიზიტორები საშუალო სეგმენტის ტურისტები არიან, ანუ არც დაბალმხარჯველიანი და არც მაღალმხარჯველიანი”, – აცხადებს სასტუმროს მეპატრონე.
ცნობისთვის, მესტიაში 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „უშბა“ 2023 წელს გაიხსნა და ჯამში 31 სასტუმრო ნომერს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონი ლარს შეადგენს და აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარია.
bp.ge