„მოთხოვნა დაახლოებით, 70%-ით შემცირდა, ტურბულენტურ მდგომარეობაში ვართ“ – „ვემპლერი“

დავალებების რაოდენობა დაახლოებით, 70%-ით არის შემცირებული, რაც რა თქმა უნდა, საზიანოა ჩვენთვის. გარშემო არსებული სტარტაპები გადარჩენის რეჟიმში არიან, – ამის შესახებ “ვემპლერის” თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე თავხელიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა სტარტაპები ვერ განვითარდებიან და რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ეს პროცესი, მით უფრო კრიტიკული გახდება მდგომარეობა.
“ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახა სტარტაპებზე. ყველა შეზღუდული რესურსით ოპერირებს. შესაბამისად, ყველას თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს. ჩვენ დიდი ხანია ბაზარზე ვართ და გარკვეულწილად დასტაბილურებული გვაქვს შემოსავალი, თუმცა ახალბედა სტარტაპებისთვის ძალიან რთული პერიოდია.
ვერ ვახდენთ ახალ მომხმარებლებთან კომუნიკაციას, ფაქტობრივად ყველაფერი გაჩერებულია. ყველაფერი ასევე, ისახება ინვესტიციების ნაწილზეც და ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა როგორც სტარტაპებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. ეს პროცესი თუ მალე არ დასრულდა საბოლოოდ ყველა ერთ შედეგამდე მივალთ. ისედაც სტარტაპების 90% წარმატებას ვერ აღწევს და იხურება და ეს პროცესი თუ მალე არ დასრულდა აღნიშნული რიცხვი 99%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, დავკარგავთ ძალიან კარგ ქართულ სტარტაპებს, რომლებსაც არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ეს არის ის ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიც შესაძლოა განვითარდეს”, – აცხადებს ალექსანდრე თავხელიძე.
რაც შეეხება “ვემპლერის” ახალ პლატფორმას, რომელიც ბიზნესის დავალებებს ასრულებს – როგორც ალექსანდრე თავხელიძე აღნიშნავს, ამ მიმართულებითაც შეინიშნება მოთხოვნის კლება, თუმცა შედარებით სტაბილური მდგომარეობაა.
“არის ბიზნესები, რომლებიც ფუნქციონირებას ვერ შეწყვეტენ. მაგალითად, სადისტრიბუციო კომპანიები და სხვა, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების სიაში არიან და შესაბამისად, ჩვენც ვმუშაობთ ამ მიმართულებებზე”, – აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი.
ცნობისთვის, “ვემპლერი” სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს ნებისმიერი ერთჯერადი დავალების შესრულებას სთავაზობს. Wempler-ის საშუალებით, ადამიანებს თავადაც შეუძლიათ, სხვებს დაეხმარონ და ამით თანხა გამოიმუშაონ თავიანთი უნარებისა და დროის ხარჯზე.
ბიზნესპარტნიორი