„მოთხოვნა, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა“ – კომპლექსი „მელუდის სახლი“

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 20%-ით შემცირდა, – ამის შესახებ ასპინძაში მდებარე კომპლექსის “მელუდის სახლის” დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტორების ტენდენცია უცვლელია და როგორც წინა წლებში, ახლაც კომპლექსის სტუმრები ევროპის ქვეყნებიდან არიან.
“მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონია, აქტივობა შემცირებულია. ქართველების მხრიდან დაინტერესება ფაქტობრივად, არ არის. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად გერმანიიდან და პოლონეთიდან არიან. ლუდის სპა ცენტრით ძირითადად უცხოელები ინტერესდებიან”, – აცხადებს ზაზა ზედგენიძე.
მანვე აღნიშნა, რომ კომპლექსი გაფართოვდა და სადეგუსტაციო სივრცე დაემატა.
“დაახლოებით, 1 კვირაში აქტიურად ვუმასპინძლებთ სტუმრებს ჩვენს სადეგუსტაციო სივრცეში, სადაც ჩვენს ლუდს დააგემოვნებენ. აქ წარმოდგენილი იქნება მესხური სამზარეულო, პურის ცხობის მასტერკლასები და ა.შ. და ინვესტიცია 50 000 ლარი შეადგინა”, – აღნიშნა ზაზა ზედგენიძე.
შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო, კომპანია “ვარძია” ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია 5-მდე დასახელების ქვევრის ლუდს 0.5 ლ მოცულობის ბოთლებში აწარმოებს. რაც შეეხება კომპლექს “მელუდის სახლს”, რომელიც კომპანიის მფლობელობაშია – ლუდის სპა ცენტრს, ღია აუზს, სადეგუსტაციო სივრცესა და სასტუმროს მოიცავს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი