ბიზნეს სექტორი თბილისის ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართების სიმცირეზე საუბრობს. ,,კომერსანტთან“ ისინი აღნიშნავენ, რომ საჭიროა კიდევ ერთი დიდი სავაჭრო ცენტის დამატება. როგორია კომერციულ ფართებზე დღეს არსებული მიწოდება და როგორ პასუხობს ბაზარი მოთხოვნას. საკითხზე ,,კომერსანტი“ MYCORNER.GE-ს კომერციული მიმართულების სპეციალისტს ჯული შავიშვილს ესაუბრა. კომერციული ექსპერტი ადასტურებს, რომ ცენტრალურ უბნებში მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალია და კომერციული ფართების სიმცირე ნამდვილად პრობლემაა.
,,ძირითადად კომერციულ ფართებზე მოთხოვნა არის ვაკე-საბურთალოს ცენტრალურ ქუჩებზე. მეორე ხარისხოვანი ქუჩები ძალიან იშვიათად, რომ მოითხოვოს სავაჭრო ობიექტმა. შენობა ვიტრაჟული უნდა იყოს და აუცილებლად ხალხმრავალ ადგილას უნდა მდებარეობდეს. მოთხოვნა ბევრად მეტია, მიწოდება ძალიან ცოტაა ასეთი ქუჩებზე. ფაქტობრივად ათვისებულია ყველაფერი და თუ რამე ფართია დარჩენილი საკმაოდ ძვირი ღირს.“- აცხადებს ჯული შავიშვილი.
კომერციული ექსპერტი განმარტავს, რომ ცენტრალურ ქუჩებზე მაღალ მოთხოვნას ხალხმრავლობა განაპირობებს. მისი თქმით, მოთხოვნა არა მხოლოდ სავაჭრო სივრცეებზე, არამედ საოფისე ფართებზეც მაღალია. MYCORNER.GE-ს კომერციული მიმართულების სპეციალისტი ამბობს, რომ ხშირად ის დამკვეთს ფართის იჯარით აღებას გარე უბანში სთავაზობს, თუმცა მათგან ამაზე უარს იღებს.
,,ყოველთვის ვეუბნები მომხმარებელს, რომ ძალიან კარგი, ბევრი ფართია გარე უბნებში. თუნდაც ვაზისუბანსა და ვარკეთილში. გლდანი უფრო მეტად განვითარებულია, ვიდრე სხვა პერიფერია, მაგრამ ხალხმრავლობა მაინც უფრო ცენტრალურ უბნებშია. მეტი ტრაფიკი აქვს ცენტრალურ უბნებს, რადგან ყველა გამოდის სამუშაოდ ცენტრში. ოფისებიც კი ცენტრალურ უბნებზე აქვთ გათვლილი. შესაბამისად, პერიფერიებს განიხილავენ მარტო ქსელური მაღაზიები. მათ ყველა ლოკაცია აწყობთ. ვისაც ახალი ბიზნესი ან რამე ახალი წამოწყება აქვს, ყველას ცენტრალური უბანი უნდა. 10 მომხმარებლიდან შეიძლება ერთმა მოითხოვოს პერიფერიაზე ფართი. თვითონაც იციან. ჯერ თავად ეძებენ ფართს, რომ ვერ პოულობენ მერე სააგენტოებს მიმართავენ. ფიზიკურად ჩვენ ვერ გავაჩენთ ფართებს, რადგან არ არის მიწოდება. მოთხოვნა ნამდვილად დიდია ცენტრალურ უბნებზე. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის.’’- აცხადებს ჯული შავიშვილი.
კომერციული მიმართულების სპეციალისტი განმარტავს, რომ მოთხოვნის მიუხედავად ცენტრში ახალი ობიექტების მშენებლობა რთულია, რადგან ტერიტორია უკვე სრულად ათვისებულია. გამოსავალი შესაძლოა ძველი შენობების დემონტაჟი და მათ ადგილზე სავაჭრო ცენტრების მშენებლობა გახდეს, თუმცა ცენტრში მიწის ფართების დეფიციტია, რადგან უმეტესი ნაწილი უკვე დეველოპერებმა აითვისეს.
,,ჩემი შეფასებით, ახალი შენობისთვის რესურსი აღარ არის. იმდენი შენობაა უკვე. მაშინ ძველი შენობის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ან დემონტაჟი და იქ ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდეს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ცენტრალურ უბნებსა და ცენტრალურ ქუჩებზე ფართები ნამდვილად არ არის. გასაყიდი მიწებიც კი არ არის, რომ რაღაცა აშენდეს. ყველა მიწა დეველოპერებს აქვთ ათვისებული და ყველგან შენდება მაღალსართულიანი კორპუსები.’’- აცხადებს ჯული შავიშვილი.
