მოზარდზე ძალადობის გამო მკლავჭიდელი ქალი დამნაშავედ ცნეს, მაგრამ ციხეში ერთ დღესაც არ გაატარებს

მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი, რომელსაც 15 წლის მოზარდზე ძალადობა ჰბრალდებოდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მას ერთი წლითა და 6 თვით პირობითი პატიმრობა შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ციხეში ერთ დღესაც არ გაატარებს და მხოლოდ გარკვეული შეზღუდვები დაეკისრება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.
განაჩენი მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა გამოიტანა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები — ჩადენილზე სინანულის გამოხატვა მკლავჭიდელის მხრიდან და მისი არასრულწლოვანი შვილები.
ხატია ვიბლიანს აეკრძალა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სასჯელის მოხდამდე. გარდა ამისა, ის ვალდებულია პრობაციის ეროვნულ ბიუროში ქცევის კორექციის კურსი გაიაროს.
მიღებული გადაწყვეტილება და შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა, მისაღებია დაზარალებული მოზარდის ოჯახის ადვოკატისთვის.
მუხლი, რომლითაც ხატია ვიბლიანს ბრალი ჰქონდა წარდგენილი (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი), სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 180-დან 240 საათამდე, ან პატიმრობას ორ წლამდე.
პროკურატურა ვიბლიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. გამორიცხული არაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
აღკვეთის ღონისძიების სახით ხატია ვიბლიანს განაჩენის გამოტანამდეც გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დაზარალებული მოზარდის ოჯახი მისთვის პატიმრობის შეფარდების მომხრე იყო, რასაც წერილში ასაბუთებდნენ იმით, რომ ვიბლიანთან ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ.
ძალადობის ფაქტი 11 სექტემბერს მოხდა. ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ხატია ვიბლიანი არასრულწლოვანზე ჯერ მაღაზიაში და შემდეგ მიმდებარედ, სოციალურ ქსელში 14 სექტემბერს გავრცელდა, ერთი თვის შემდეგ კი გავრცელდა დამატებით უხმო კადრები მიმდებარე მაღაზიის კამერებიდან.
გამოძიებისთვის დაზარალებული მოზარდის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხატია ვიბლიანს მაღაზიაში კონსულტანტთან რიგის არდაცვის გამო მოუვიდა შელაპარაკება, რაშიც დაზარალებული მოზარდი ჩაერთო მოლარის გამოსარჩლების მიზნით. ამას მოჰყვა მასზე ვიბლიანის თავდასხმა, ჯერ მაღაზიაში, შემდეგ კი უკვე გარეთ, როცა მაღაზიიდან მოზარდის გამოსვლას ელოდებოდა მასთან გასწორების მიზნით. კადრებში ჩანს, რომ დაზარალებული მოზარდი მკლავჭიდელს ხელს არ უბრუნებს, წინააღმდეგობას არ უწევს და მისგან თავის დახსნას ცდილობს. ამ ყველაფერს კი, დაახლოებით 2-3 წლის ხატია ვიბლიანის შვილი უყურებს.