გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მხოლოდ გერმანიის წვლილი არ არის საკმარისი. ამიტომაც, შოლცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ლუქსემბურგის ახალ პრემიერმინისტრთან, ლუქს ფრიდენთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები კიევში საკმარის იარაღს არ აგზავნიან.
“რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად. ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ევროკავშირში, გაზარდონ ძალისხმევა უკრაინის მიმართ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესი ნაწილიდან უკრაინას შეიარაღების დაგეგმილი მიწოდება არასაკმარისია” – ამბობს შოლცი.
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს გერმანიამ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის 5,4 მლრდ ევრო გამოუყო. გერმანიამ უკრაინაში გაგზაცნა Leopard-2 ტანკები, Marder-ის ჯავშანტექნიკა, საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის რამდენიმე სისტემა, მათ შორის IRIS-T, Patriot და Skynex.