საქართველო ჩვენი ასამბლეისა და ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი, ღირებული წევრია, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებები და პრინციპები უგულვებელყოფილია, როგორც ეს არის ახლა საქართველოში, – ამის შესახებ ნორვეგიის პარლამენტის წევრმა, ინგერდ შუმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი პრეზიდენტის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ სამშაბათს გამოსცა სასწრაფო დასკვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. აზრი მკაფიო იყო და ეს დღესაც მოვისმინეთ. კანონი უნდა გაუქმდეს. კომისიამ დაასკვნა, რომ კანონის ფუნდამენტური ხარვეზები სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე.
ქართველი ხალხი ქუჩებში გამოვიდა და აჩვენა თავისი წინააღმდეგობა. მისასალმებელია, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმაც გამოთქვეს თავიანთი კრიტიკული მოსაზრებები, მაგრამ ახლა დროა, პირდაპირ მივმართოთ საქართველოს ხელმძღვანელობას.
მოვუწოდებ როგორც ჩვენს პრეზიდენტს, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ჩავიდნენ საქართველოში, რათა უშუალოდ დაუკავშირდნენ პარლამენტის ხელმძღვანელობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენ გვაქვს მანდატი, ჩავერთოთ, როდესაც წევრი ქვეყნები არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. საქართველომ, როგორც ყველა წევრმა ქვეყანამ, ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ გადავადოთ ამის უშუალოდ საქართველოს ხელმძღვანელობასთან განხილვა. კანონის მიღებამ ასევე შეიძლება, შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს მომავალი წევრობის პროცესი“, – განაცხადა ნორვერგიის პარლამენტის წევრმა.
ამასთან, მისივე თქმით, კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილოს გადაწყვეტილება დასაფასებელია.
„ეს ძლიერი სიგნალია. მოსალოდნელია, რომ მის ვეტოს დაძლევს პარლამენტი. პარლამენტი, რომელმაც უნდა მოუსმინოს საზოგადოებრივ აზრს და საერთაშორისო რჩევებს. ქართველი ხალხის მისასალმებელ ძალისხმევას, რომელთაც აჩვენეს კანონპროექტისადმი წინააღმდეგობა, ხელისუფლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სიტყვისა და შეკრების თავისუფლების შემზღუდველი რეაქციები და რეაქციები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ორგანიზაციის პრინციპებსა და ღირებულებებს. სამწუხაროა, ბატონო პრეზიდენტო, რომ ვხედავთ, წევრი ქვეყანა იღებს კანონს, რომელიც რუსეთის მიერ არის შთაგონებული. კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მკაცრად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და პოლიტიკური ოპოზიციას. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაგრძელება“, – განაცხადა ნორვეგიის პარლამენტის წევრმა.