მოვუწოდებთ 27-ვე წევრ ქვეყანას, მიაღწიონ შეთანხმებას სანქციებზე – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებულ სანქციებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა, კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა ქართველ ხალხს და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში მიიწვია.
„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ხალხს, რომლებიც უკვე ორი კვირაა, გამოდიან თბილისის ქუჩებსა და მთელს ქვეყანაში და მშვიდობიანად და ენერგიულად ითხოვენ ევროპულ მომავალს, აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას, როცა წყლის ჭავლის პირისპირ აღმოჩნდებიან. მივმართავ ქართველ ხალხს: ჩვენ თქვენ გხედავთ, გისმენთ და ვდგავართ თქვენთან ერთად“, – განაცხადა მეცოლამ 16 დეკემბერს.
„ეს პარლამენტი მტკიცედ გმობს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ეს ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის გზასთან. [გადაწყვეტილების მიმღებთ] მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებისაკენ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ და მოვუწოდებთ 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და მიაღწიონ შეთანხმებას ამ ზომებზე“, – აცხადებს ის.
„ჩვენ მოვიწვიეთ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტთან ერთად იმსჯელებენ შეხვედრის ფორმატზე.
რობერტა მეცოლამ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარების დელეგაციის წევრებს, რომლებიც წინა კვირას თბილისში იმყოფებოდნენ: „გმადლობთ, რომ წარმოგვადგინეთ“. დეპუტატები, რომლებიც, მეცოლას თანახმად, „ადგილზე გაეცნნენ ვითარებას“, იყვნენ:
· რასა იუკნევიჩიენე (ევროპის სახალხო პარტია (EPP));
· მიჰალ ჩერბა (EPP);
· ნატალი ლუაზო („განაახლე ევროპა“ (Renew));
· ბერნარდ გეტა („განაახლე ევროპა“);
· ტობიას კრემერი („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”);
· რაინიე ვან ლანშოტი („მწვანეები“);
· სერგეი ლაგოდინსკი („მწვანეები).
დელეგაციამ თბილისში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასსა და ევროკომისარ მარტა კოსს მიმართა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირება მოითხოვა თითოეული წევრი ქვეყნისაგან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს.
შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვიტა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი ემხრობოდა სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის.
გამოცემა Politico-ს თანახმად, ამას ლობირებდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასიც, რომელიც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარეცაა.
თუმცა ამის წინააღმდეგი არიან უნგრეთი და .
ბრიუსელში საქართველოს შესახებ ხვალაც, 17 დეკემბერსაც იმსჯელებენ. ევროკავშირის ზოგადი საკითხების საბჭო განიხილავს გაფართოების ანგარიშის შეჯამებას, სადაც საუბარია საქართველოზე.