უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, ჩადონ ინვესტიცია უკრაინის ტექნოლოგიურ განვითარებაში.
მისი თქმით, უკრაინას მოუწია ესწავლა ინოვაციების გამოყენება და ახლა ისინი მოწინავეები არიან ამ სფეროში. ის პარტნიორებისგან ითხოვს უკრაინული ტექნოლოგიების მასობრივ წარმოებაში დახმარებას. სიბიჰა ირწმუნება, რომ ეს იქნება ორმხრივი დახმარება – ახლა უკრაინას გააძლიერებს ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად, სამომავლოდ კი ამ ტექნოლოგიური მიღწევებით ისარგებლებენ სხვებიც.
გარდა ამისა, სიბიჰა კიდევ ერთხელ აჟღერებს უკრაინის მოწოდებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. მისი თქმით, სანქციები უნდა შეეხოს როგორც რუსებისთვის სამხედრო შეიარაღებისთვის საჭირო რესურსების მიწოდებაზე უარის თქმას, ისე მისგან ნავთობის ყიდვას.
“გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვა გვჭირდებოდა, ჩვენ ვისწავლეთ ინოვაციების გამოყენება. უკრაინა ახლა არის ტექნოლოგიების სფეროში მოწინავე ერი დრონების, საბრძოლო ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ციფრული მმართველობისა და საბანკო სისტემებისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს, მეტი ინვესტიცია ჩადონ უკრაინის ტექნოლოგიურ განვითარებაში და დაგვეხმარონ, რომ მასობრივად ვაწარმოოთ ჩვენი საუკეთესო ინოვაციები. ეს არის ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა: ისინი, ვინც ახლა შეგვიწყობენ ხელს, მომავალში პირადად ისარგებლებენ ჩვენი ინოვაციებით. უკრაინას უკვე შეაქვს საკუთარი წვლილი ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში – ჩვენი ტექნოლოგიები გვაძლიერებს ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც. ამავე დროს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს. დაუყოვნებლივ. ყოველი მიკროჩიპი, რომელსაც მოსკოვი ვერ მიიღებს, არის გადარჩენილი სიცოცხლე. რუსეთს უარი უნდა ეთქვას ყველა რესურსზე, რომლითაც ომის აწარმოებს: ნავთობის მიღება უნდა შემცირდეს; ტექნოლოგიებზე წვდომა მოსკოვს სრულად უნდა შეეზღუდოს. მოდით, გავაფართოოთ ტექნოლოგიური უფსკრული თავისუფლებასა და ტირანიას შორის. გადავაქციოთ ინოვაციები ფარად, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის”, – წერს სიბიჰა.
Because we needed to defend, we learned to innovate. Ukraine is now a tech-forward nation, excelling in drones, battlefield AI, cybersecurity, digital governance and banking, and other areas. We urge partners to invest more in Ukraine’s technology and help us mass produce our… — Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) July 6, 2025
