მოგიწოდებთ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას – შალვა პაპუაშვილი
ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა საპოლიციო ძალებს, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მოვალეობის შესრულებისთვის.
„განვლილი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საპროტესტო აქცია, რომლის ეპიცენტრიც იყო აქ, პარლამენტის სასახლის გარშემო და რომელიც სამწუხაროდ ყოველდღიურად იღებდა ძალადობრივ ხასიათს. ბუნებრივია, ჩვენ ვნახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტებიც, რომლებიც აქ დგომით გამოხატავდნენ თავის პროტესტს თუ სოლიდარობას, თუმცა ვნახეთ უკიდურესად აგრესიული ჯგუფებიც, რომლებმაც მთლიან აქციას მისცეს ძალადობრივი ხასიათი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საპოლიციო ძალებს, რომლებმაც, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ძალადობის შესაჩერებლად და მართლწესრიგის აღსადგენად.
ძალადობრივი ჯგუფებისგან ინიცირებულ და გამოწვეულ შეტაკებებს არაერთი დაზარალებული ჰყავს. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ჯანმრთელობა. რაც მთავარია, მინდა კიდევ ერთხელ, როგორც წინა დღეებში, გავაკეთო მოწოდება, რომ შეწყდეს ძალადობა, შეწყდეს აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. პროცესი უნდა დაბრუნდეს საჯარო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, სატელევიზიო სტუდიებში და თუნდაც ქუჩაში, ოღონდ შესაბამისი ფორმით, რომელიც არ გამოიწვევს არეულობას.
საზოგადოება დაიღალა და ჩვენ ვხედავთ ამას. ჩვენ ვართ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ გვესმის ყველას ხმა.
ხელისუფლებას დღევანდელ დღეს გააჩნია უმთავრესი ვალდებულება, უზრუნველყოს წესრიგი და არ დაუშვას არეულობა და რაიმე უმართავი პროცესი. ამ მიმართულებით კომპრომისი ვერ იქნება. გადატრიალების თუ სხვა რევოლუციური იდეებით შეპყრობილ პოლიტიკურ აქტივისტებთან ანგარიშის გაწევას ბუნებრივია არ ვაპირებთ.
ჩემი მიმართვა ეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სტიქიურად გამოხატავს პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციას არ აქვს ტრიბუნა, არ გვესმის მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთავარი მუხტი, რითიც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ამომრჩევლის სრული უმრავლესობის დარწმუნება გამოეცხადებინა მისთვის ნდობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სწორედ ეს იმედგაცრუებაა, ის მუხტი, რაც მიმდინარე პროცესს ასაზრდოებს. ჩვენ ეს გვესმის. თუმცა დროა პროცესი დაბრუნდეს იმ კალაპოტში, რასაც გვკარნახობს საჯარო პოლიტიკის ფორმალური შინაარსი. არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ შედეგს და ეს ყველამ უნდა აღიაროს. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული პოზიცია, სჯობს ღიად დააფიქსიროს და შესაბამისი პასუხიც მიიღოს.
რაც შეეხება ევროინტეგრაციას, გზას, რომელზეც 12 წლის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ყველაზე შორს ვართ წასულები, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად. თუ რამეს მივაღწიეთ ამ მიმართულებით, სწორედ იმიტომ მივაღწიეთ, რომ გონივრულად, დაფიქრებით და სიბრძნით წარვმართეთ პროცესი. ამიტომ ენდო ამომრჩეველი ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენს მიერ შეთავაზებულ გზას და ამიტომ დაგვიტოვა ქვეყნის მართვის მანდატი. გამოცხადებულ ნდობას კი სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა სცეს პასუხი. დემოკრატიისა და ერთიან საზოგადოებაში თანაცხოვრების წესი ასეთია.
ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რაზეც საზოგადოების თანხმობა და ემპათია დგას, სოლიდარობაა. კარგია, რომ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლებისგან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მაგალითი, განსაკუთრებით კი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ გამოხატული აგრესიის შემთხვევაზე. ეს მაგალითი უნდა დარჩეს, როგორც სახელმძღვანელო, რათა მომავალში ასეთი სოლიდარობა არ განირჩეოდეს პოლიტიკური თუ კონკრეტულ მედიასაშუალებასთან კუთვნილების ნიშნით. შერჩევითი არც მართლმსაჯულებაა მართებული და არც სოლიდარობა. მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა იმ სრულიად ფარისევლური პროცესის წაყრუება, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ. პროსკრიფციების გამოქვეყნებით წარმართული ბრძოლა ცალსახადაა დასაგმობი.
სწორედ ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, კიდევ ერთხელ, შეწყდეს ძალადობა და აგრესია, პროცესი დაუბრუნდეს პოლიტიკური ცხოვრების კალაპოტს. არჩევნები ახალი დასრულებულია, პოლიტიკური ველი გადატვირთულია, ადამიანებმა თავისი ნება გამოხატეს თავისუფლად და შედეგიც სამართლიანად დადგა. ეს მოცემულობა უნდა მიიღოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ძალადობრივი აქციები უნდა დასრულდეს, მშვიდობიანად გამოხატული პროტესტი უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკური განვითარების კალაპოტს. ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით პროცესის სწორედ ამგვარ განვითარებას. დემონსტრანტებიც და პოლიტიკური ძალებიც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ჩვენს ქვეყანას, გაიხედონ მომავლისკენ და მოემზადონ ამომრჩეველთან უკეთესი კომუნიკაციისთვის.
დაბოლოს, მინდა გავამხნევო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად. არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება. თქვენ მოგვანიჭეთ მანდატი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ვიცავთ და ვაფასებთ. ამ ნდობის გაცრუება არ და ვერ მოხდება. მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა ამ ცხელ დღეებში თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, გვესმის და ვაფასებთ. უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილი ვითარება გამოძახილია იმ პროცესის რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს და საიდანაც აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.