პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი განცხადებას ავრცელებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნის შესახებ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
განცხადება სოციალურ ქსელში ორგანიზაციამ 11 ივლისს გაავრცელა:
„ექვსი თქვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს მზია ამაღლობელი. ჟურნალისტი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
მზია ახლა მხედველობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას პროგრესირებადი დაავადების გამო. მიუხედავად ამისა, მას თებერვლის შემდეგ არანაირი მკურნალობა არ ჩატარებია.
მოგიწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ადეკვატური სამედიცინო დახმარებისკენ“, – წერია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს. თვალის რქოვანას დაავადება 4 თებერვალს კლინიკა “ვივამედში” ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
