მოგზაურობა მენტალურ ჯანმრთელობას და შრომის ნაყოფიერებას აძლიერებს – კვლევა

მოგზაურობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ეფექტიანი საშუალებაა. ის ხელს უწყობს ადამიანის უფრო ბედნიერ და სრულფასოვან ცხოვრებას. ამას გარდა, მოგზაურობა ადამიანის შრომის ნაყოფიერებასაც ზრდის, რის გამოც შინაარსიანად და საინტერესოდ გატარებული შვებულება როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულისთვის სარგებლის მომტანია.
ამ საკითხის შესახებ ტურიზმზე სპეციალიზებული გამოცემა travelhub.wttc.org წერს და ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რატომაა მოგზაურობა სასარგებლო ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის. ეს მიზეზებია:
მოგზაურობა სიახლის განცდის საშუალებას გვაძლევს, რაც ერთფეროვნებასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდია.
ისეთი აქტივობები, როგორიცაა სეირნობა, ლაშქრობა და თხილამურებზე სრიალი ადამიანებში იმედის განცდას აძლიერებს. 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სეირნობის დროს მათ ირგვლივ არსებულ ობიექტებსა და ხედებს ყურადღებით აკვირდებოდნენ, იმედიანობისა და ცხოვრებისადმი ოპტიმისტური განწყობების გაძლიერებას აღნიშნავდნენ.
მოგზაურობა ბრწყინვალედ ხსნის სტრესს და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას აუმჯობესებს. კვლევის თანახმად, 25 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებში, მათ შორის 70 და 80 წელს გადაცილებულებში, ზოგადი განწყობა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება გაუმჯობესდა. გამოკითხულთა 75%-მა განაცხადა, რომ მოგზაურობა მათ სტრესის შემცირებაში დაეხმარა.
მოგზაურობა თქვენს ტვინს უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება და მის შემოქმედებით პოტენციალს ზრდის. ახალ კულტურებთან შეხვედრა გონებას სხვადასხვა იდეებზე „გადართვასა“ და სიღრმისეულ ფიქრში ავარჯიშებს.
სამსახურიდან მოშორებით გატარებული დრო ზრდის ადამიანის ენერგიულობას და პროდუქტიულობას. Harvard Business Review-ს კვლევის თანახმად, კარგი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, გამოკითხულთა 94% თავს უფრო ენერგიულად გრძნობდა.
გამაჯანსაღებელი მოგზაურობა განსაკუთრებით აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ისეთი პრაქტიკების ათვისება, როგორიცაა იოგა და მედიტაცია, თქვენ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგაც დაგეხმარებათ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში. ხოლო თუ თქვენ უახლოეს ადამიანებთან ერთად მოგზაურობთ, ეს კიდევ უფრო აუმჯობესებს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას, რადგან სიყვარულის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას იწვევს. ასეთივე შედეგის მომტანია მოგზაურობის შთაბეჭდილებების ახლობლებისთვის გაზიარება.
Jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ