“მოგვიწია ფასების გაზრდა, მაგრამ ზომიერად” – ყავა “მონდო”

საქართველოში ყავის იმპორტი მხოლოდ მარტში 56%-ით გაძვირდა. მიზეზი გლობალურ ბაზარზე ყავის ფასის მზარდი დინამიკაა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ფიქსირდება. ყავის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები მარაგებს წინასწარ ყიდულობენ, რაც მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე ნეგატიურად აისახება.
გლობალურ ბაზრებზე პროდუქციის გაძვირება უკვე აისახა საქართველოს ბაზარზე, სადაც კომპანიებმა პროდუქციის ფასები უკვე ორჯერ დააკორექტირეს. კომპანია “მონდოს” გაყიდვების მენეჯერი ლუკა შალიკაშვილი ამბობს, რომ ყავის იმპორტი ბოლო 1 წელიწადში 30-40%-ით გაუძვირდათ, რის გამოც ფასები ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა. მისი შეფასებით, ზრდა ზომიერი იყო, რომ მომხმარებელი არ დაზარალებულიყო.
“ნედლეული 45 სხვადასხვა პლანტაციიდან შემოგვაქვს. ძირითადი იმპორტი წამყვანი მწარმოებელი ქვეყნებიდან გვაქვს, როგორებიცაა: ბრაზილია, კოლუმბია ინდონეზია, ვიეტნამი – ეს საშუალებას გვაძლევს უზრუნველყოთ მაღალი ხარისხი, ფასების მოქნილობა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გლობალურ ბაზარზე საკმაოდ არასტაბილური სიტუაციაა. მოგვიწია ფასების ზრდა, მაგრამ ზომიერად, ნედლეულზე ფასების ზრდის მიუხედავად ჩვენ საქართველოს ბაზარზე პროდუქტების ღირებულება 10-15%-ით გავზარდეთ და შევინარჩუნეთ ძირითად პროდუქტებზე ისეთი ფასები, რომ ლოალურ მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და მისაღები ფასები.
იმპორტის ღირებულება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 30-40%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეული მწარმოებელია ქვეყნებში კლიმატის ცვალებადობით, ასევე ლოგისტიკური ხარჯების გაზრდით და ასევე გლობალურ ბაზარზე ნედლეულის დეფიციტით და რა თქმა უნდა, ვალუტის მერყეობით,” – ამბობს “მონდოს” გაყიდვების მენეჯერი ლუკა შალიკაშვილი.