მოგებული ტენდერები და ოცნებისთვის შეწირული მილიონები – TI–ის ანგარიში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, 15 პოლიტიკური პარტიის მიერ (პარტიები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ან წლის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს) წარდგენილი 2023 წლის ფინანსური დეკლარაციები შეისწავლეს.
ორგანიზაციის თქმით, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:
პარტიების შემოსავლები და ხარჯები
· შესწავლილმა 15-მა პარტიამ ჯამურად 26 452 373 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო და 14 856 671 ლარის ხარჯი გასწია. ყველა პარტიის ჯამური შემოსავლების 62% (16 315 610 ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა;
· პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 48% (12 742 941 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 52% (13 138 636) კი — კერძოზე (შემოწირულება, საბანკო სესხი);
· 15 პოლიტიკური პარტიიდან 6 პარტიამ მიიღო 1000 ლარზე მეტი შემოწირულება. პარტიებმა სულ 13 138 636 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს;
· „ქართულმა ოცნებამ“ 11 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო (ჯამური შემოწირულებების 85%). არასაარჩევნო წლისთვის ეს რეკორდული რაოდენობის შემოწირულებაა.
· „ქართულმა ოცნებამ“ წლის განმავლობაში ჯამური შემოსავლის სახით მიღებული 16.3 მილიონის ფონზე მხოლოდ 5.2 მილიონი ლარის ხარჯი გასწია.
დონორებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო პროგრამებში
· 2023 წელს ტენდერები შემომწირველებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ მოიგო, საიდანაც 14 კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან იყო დაკავშირებული, ხოლო ერთი პარტია — „ლელოსთან“;
· საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 14-მა კომპანიამ 1,1 მილიარდამდე ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. ამავე პერიოდში ამ კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 1.45 მილიონი ლარი შეწირეს;
· 2023 წელს რთველის წინა პერიოდში „ქართულ ოცნებას“ ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულმა შემომწირველებმა 1 მილიონ ლარამდე შეწირეს;
· 2023 წელს შემომწირველებთან დაკავშირებულ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს 2013-2023 წლებში 39 მილიონამდე ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტები აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2023 წლებში – 30 მილიონ ლარზე მეტი რთველის სუბსიდია.
სავარაუდოდ მესამე პირების მეშვეობით განხორციელებული შემოწირულებები
· მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქტიური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა
· „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შესაწირად სავარაუდოდ ფიქტიური დონორების გამოყენების პრაქტიკა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან და „ანაგი“ ჯგუფთან დაკავშირებით
· ფიქტიური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით, როდესაც კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მსხვილი თანხები შეწირეს მმართველ პარტიას.
ორგანიზაციის შეფასებით, მას შემდეგ, რაც პარტიების ზედამხედველობა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი გახდა, პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველობის მიმართულებით საქმიანობაზე ინფორმაციის მოპოვება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ