„მობილურ ოპერატორებს ალტერნატივა არ აქვთ, რადგან „სელფი“ 5G ინტერნეტს უკვე მომავალი წლიდან გაუშვებს“ – უჩა სეთური

2024 წლიდან „სელფი“ 5G ინტერნეტის კომერციულ შეთავაზებებს სატესტო რეჟიმში გაუშვებს, შესაბამისად, სხვა ოპერატორებსაც მოუწევთ ამ სერვისის ამოქმედება. ამის შესახებ „მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, 5G ინტერნეტტექნოლოგიის დანერგვა მთლიანად ქვეყნის ინტერესშია.
„მობილურ ოპერატორებს ალტერნატივა არ აქვთ, რადგან უკვე დადგენილია გეგმა, რომელსაც „სელფი“ მიჰყვება და ამ გეგმის მიხედვით, ის 2024 წლის დასაწყისიდან სატესტო რეჟიმში, კომერციულად გაუშვებს 5G-ს. „სელფის“ აქვს უკვე გაწერილი გრაფიკი, ტარიფები და ქალაქები და ამის მიხედვით მოხდება სერვისის ჩართვა.
ვერ ვხვდები, რატომ არ სურთ სხვა მობილურ ოპერატორებს ამის გაკეთება. მობილური სერვისების გარდა 5G ავითარებს ბევრ სხვა დაკავშირებულ ბაზარს და მომსახურებას, ამიტომ ეს მთელი ქვეყნის ინტერესშია რომ 5G გაეშვას. ამ ეტაპისთვის საკმარისია ის, რომ ბაზარზე გაჩნდება ამის შეთავაზება და მომხმარებელი ისარგებლებს 5G სერვისით“, – აღნიშნა უჩა სეთურმა.
5G არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.