„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90.8 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია.
ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 93.4 და 86.6 პროცენტი შეადგინა.
შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 91.5 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 4.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 94.5 და 87.5 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად, 97.8 და 95.8 პროცენტი შეადგინა.
