მნიშვნელოვანი წელია, ეუთო/ოდირს და სხვა ინსტიტუციებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს | იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევისთვის ოფიციალური მიმართვა ჯერ არ გაუკეთებია და რომ ეუთო/ოდირს, ასევე, სხვა ინსტიტუციებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ 2024 წლის არჩევნებს.
“ქართულ ოცნებაში” საპასუხოდ ამბობენ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო მიმართონ გრძელვადიან დამკვირვებლებს და არანაირი პრობლემა არ აქვთ, რომ ეს გააკეთონ. “ოცნება” ამბობს, რომ მიმართვები უახლოეს თვეებში გაკეთდება.
“არ არის ასე რომ პირველი რეკომენდაცია უფრო მნიშვნელოვანია, ან მეცხრე. რა თქვა უნდა წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი წელია, რადგან არჩევნებია. ვიცი რომ თქვენ მთავრობას გრძელვადიანი დამკვირვებლებისთვის ჯერ დაშვება არ გაუკეთებია. ეუთო/ოდირს და სხვა ინსტიტუციებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ არჩევნებს დააკვირდნენ და შეაფასონ საარჩევნო პროცესი. მაგრამ მათ მიწვევა ჯერ არ მიუღიათ. ამასობაში კი დრო გადის. არ ვიცით რა მოხდება. ერთადერთი რაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ კრემლისა და მის მოკავშირე ქვეყნების დაკვირვება იქნება საკმარისი არჩევნებზე?! ეს დამანგრეველი იქნება. მე ვერ ვიგებ ოპოზიციის სიჩუმესაც ამ საკითხზე. შესაძლოა კარგად ინფორმირებული არ ვარ”, – ამბობს რასა იუკნევიჩიენე.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ასევე ეს დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ გაფართოებასთან. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მთავრობის ზოგიერთ წევრს ამ დრომდე არ უნდა მიხვდეს, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია.
“გადაწყვეტილება რომ ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი – ეს არ არის ხელისუფლების დამსახურება, არამედ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. ასევე ეს უკავშირდება გეოპოლიტიკურ გაფართოებას. ამის შესახებ საქართველოში ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილმა თუ სხვებმა ვინც ქვეყანას მართავენ. ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია. 12 დან-9 რეკომენდაცია არ შესრულდა. თქვენმა მთავრობამ ეს იცის. მათ შორის ეს ეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს. მთავრობის ზოგიერთი წევრისთვის ეს არაა მარტივი საკითხი, რადგან მათ ამ დრომდე არ უნდათ მიხვდნენ თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია. ბევრია გასაკეთებელი”, – ამბობს ევროპარლამენტარი.