“მნიშვნელოვანი გამოწვევაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა” – სახალხო დამცველი

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველი ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.
ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისთვის, “ვინაიდან, დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება და ხელი შეუშალოს მათი საქმიანობის განხორციელებაში”.
“ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა. სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა საქმის განხილვის პროცედურის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის ინფორმაციის სრულყოფილ და დროულ ხელმისაწვდომობას რასაც ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქალაქო და რეგიონული სასამართლოებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით, ვინაიდან, დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება და ხელი შეუშალოს მათი საქმიანობის განხორციელებაში. ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წლებია მიუწოდებს მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებებისკენ, რომლის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
28 სექტემბერი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. ეს პრობლემა საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ძალიან აქტუალურია. მაგალითად, გასული წლის პირველ 5 თვეში, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მხოლოდ 7%-ის მიღება შეძლო.
წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მთავრობის განკარგულებების საჯაროობა. მისი გამოქვეყნება 2020 წელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დროს შეწყდა და მხოლოდ ირაკლი კობახიძის გაპრემიერებისას აღდგა. დაპირების მიუხედავად, ს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია გასული წლების განკარგულებები, რომლებსაც ხელს ჯერ გახარია, შემდეგ კი აწერდა. კობახიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მათი დახარისხება, რის შემდეგაც, ყველა ერთიანად გამოქვეყნდება.