მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე Beauty Lab-ის დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი გვიყვება.
უცნაურია, წარსულისკენ რომ იხედები, ხვდები, რომ ყველაფრის მიღმა, რაც შენი ცხოვრებისგან ან შენი თავისგან შექმენი, უკან შენი პატარა ვერსია დგას, რომელიც დიდ გადაწყვეტილებებს იღებს. ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შენს ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. აყალიბებს გეზს, მიმართულებას, სტილს, პატერნების საწყისს. გადაწყვეტილებებს, რომლების მიღების შემდეგაც აღარასდროს იქნები ისეთი, როგორიც მათ მიღებამდე. ზოგჯერ, ამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ უღრუბლო ამინდში, როცა არავინ და არაფერი გაიძულებს საწვიმარი ხელჩანთაში ჩაიგდო, სანამ სახლიდან გახვალ. ზოგჯერ კი, ქუჩაში მოკლმკლავებიანი მაისურით გამოსულს თავზე საშინელი ქარიშხალი დაგატყდება, გვერდზე ხეს მეხი დაეცემა, გზაჯვარედინზე მანქანები ერთმანეთს შეასკდება და შენ ან იპოვი გარშემო შენობებში დაკეტილ კარებს შორის ერთ ღია ფანჯარას, შეძვრები და თავს გადაირჩენ, ან – ვერა.
ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ქუჩაში ქარიშხლის დროს უსაწვიმროდ დარჩენილმა მივიღე და დღეს, მინდა ერთ-ერთი გაგიზიაროთ.
მაშინ, როცა ზღვარი ჩემს მოწყვლადობას და საკუთარი თავის აღქმას შორის ძალიან მყიფე იყო, ანუ მაშინ, როცა ასაკით უმცროსი, გამოცდილებებით არასაკმარისად დახუნძლული, ადამიანების მიმართ მეტისმეტი ნაივურობით განწყობილი და ცხოვრებაზე არასაკმარისი ინფორმაციით აღჭურვილი ვიყავი, ანუ მაშინ, როცა 20 წლის ასაკში, თავი იმაზე უფრო დიდი მეგონა, ვიდრე ვიყავი და იმაზე უფრო დიდურ ამბებს ვეჭიდებოდი, ვიდრე ჩემი გამოცდილება მაძლევდა საშუალებას, ერთ დღეს, ტელეფონზე ათობით გამოტოვებული ზარითა და მესიჯით და წითელი ნოთიფიკაციებისგან გადაძეძგილი სოციალური ქსელებით გავიღვიძე და ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერასდროს მიხვდება, როგორ სწრაფად შეიძლება ციფრულ სამყაროში გაზრდილებს ამ დროს გული გვიცემდეს. ამბავი მარტივი იყო, ბევრჯერ გადაღეჭილი და
ჩემამდე ბევრის ტყავზე გამოცდილი, მომდევნო რამდენიმე დღის, კვირის ან თვის განმავლობაში ინტერნეტ ბულინგის მსხვერპლი უნდა ვყოფილიყავი. მარტივი ასე ერთი შეხედვით, ერთი მოყოლით, ერთი ამოსუნთქვით, თორემ ჩემი გონება ვერაფრით იტევდა,
ხარშავდა და ინელებდა ულევ ინფორმაციას, ბრალდებებს და ტყუილებს, რომლებიც ჩემ გარშემო ტრიალებდა. ყოველდღე ტელეფონის ხელში აღებამდე სუნთქვას ვიკრავდი და
ველოდებოდი, სადამდე გამიძლებდა ჩასუნთქული ჰაერი, სადამდე მეყოფოდა ჟანგბადი, მეყოფოდა რომ საერთოდ? ვიღვიძებდი და მქონდა განცდა, რომ ასობით ადამიანი პირში ხელებს მიტენდი და შიგნით რაც ჩემი იყო, რაც მე ვიყავი გარეთ ექაჩებოდა და მაგლეჯდა.
ცარიელს მტოვებდა.
თვეები გაგრძელდა. მართლა თვეები გაგრძელდა. ერთ დღეს, სარკესთან დავდექი და ჩემს თავს რომ შევხედე, ვერ ვიცანი. მერე ის, რაც ჩემგან იყო დარჩენილი ძალიან შემეცოდა და მივხვდი, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც ჩემი მომავალი ვერსია, ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე გონიერი, ჩემზე გამოცდილი, ჩემზე წარმატებული მიიღებდა. ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქ მიმიყვანდა, როგორიც ჩემი თავი მომავალში წარმომედგინა. ან უნდა დავნებებულიყავი, გავჩუმებულიყავი, გავმქრალიყავი, ან უნდა მებრძოლა, საქმე გამეგრძელებინა, ჩემი არსებობა დამემტკიცებინა. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც საკუთარ თავთან ან წავაგებდი, ან გავიმარჯვებდი.
გადავწყვიტე მებრძოლა.
და გავიმარჯვე.
რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.