მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მეტი ფერმის შექმნას, რაც მოგვცემს საშუალებას, ვაწარმოოთ მეტი რძე – მინისტრი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ უფრო მეტი ფერმის შექმნას, რაც მოგვცემს საშუალებას, ვაწარმოოთ მეტი რძე და ქვეყანაში ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიამ, „ყვარლის ბაგას“ დათვალიერებისას განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ უფრო მეტი ფერმის შექმნას, რაც მოგვცემს საშუალებას, ვაწარმოოთ მეტი რძე და ქვეყანაში ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. წელს სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებში უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვთ ფერმერებს – 7 წლის განმავლობაში ჩვენ სესხის საპროცენტო განაკვეთს ვაფინანსებთ შესაბამისი სტანდარტების ფერმის მოწყობის ხარჯებისთვის. ამ ეტაპისთვის დადასტურებული გვაქვს და დაწყებულია დაახლოებით 25 მილიონის ინვესტიცია.
ველოდებით, რომ გვექნება დიდი დაინტერესება. ამავდროულად, ვეხმარებით მცირე ფერმერულ მეურნეობებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400-ზე მეტი მცირე ფერმერი დავაფინანსეთ რძის პირველადი წარმოების მიმართულებით, რათა მათ ააშენონ შესაბამისი სადგომები ან რეკონსტრუქცია გააკეთონ, შესაბამისი აღჭურვილობა იყიდონ. ეს ყველაფერი მომავალ წლებში ჩვენ კარგ შედეგებს მოგვცემს როგორც რძის წარმოების, ისე ხორცის წარმოების მიმართულებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კომპანიის დამფუძნებლის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების მასშტაბური ფერმის მოწყობა სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე რთულია; შესაბამისად, სუბსიდირების პრაქტიკა მსოფლიოშია დანერგილია.
კომპანია „ყვარლის ბაგა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2013 წლიდან დღემდე, მესაქონლეობის, რძის გადამუშავებისა და მებაღეობის განვითარების, ასევე სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის მიზნობრიობით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა; კომპანია ასევე სარგებლობს თანადაფინანსების პროგრამებით: „დანერგე მომავალი“, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“.