საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე ამბობს, რომ შუა კორიდორი ძვირი დერეფანია, რასაც მისი თავისებურებები განაპირობებს. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით გამართულ შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე მან ტარიფებზე კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დერეფანი მისაღები იყოს როგორც დროის, ასევე ტარიფების მიმართულებით.
ირაკლი ნემსაძის თანახმად, საქართველოში არის მსჯელობა და მას მოლოდინი აქვს, რომ სატრანზიტო გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც მაღალია, შესაბამისი ორგანოები უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას.
“სამი კორიდორიდან: ჩრდილოეთის, სამხრეთის და შუა კორიდორი, შუა კორიდორი ითვლებოდა და ითვლება ყველაზე ძვირ დერეფნად. ამ სიძვირეს თავისებურებები განაპირობებს, ეს მულტიმოდალურ გადაზიდვას უკავშირდება ძირითადად, რამდენიმე ქვეყნის თანამშრომლობას და სატარიფო პოლიტიკასაც უკავშირდება და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შუა დერეფანი მისაღები იყოს დამკვეთთათვის როგორც დროის, ასევე ტარიფების მიმართულებით. საქართველოში ვიცი, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, არის სატრანზიტო გადასახადთან დაკავშირებით საუბრები, რომ ის მაღალია და ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ვფიქრობ, ჩვენი კომპეტენტური ორგანოები უახლოეს მომავალში ამ საკითხზე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც შეეხება სხვა ტარიფებს, ტარიფებში, რომელშიც მონაწილეობენ კერძო სუბიექტები, მოგეხსენებათ ისინი თავიანთ ტარიფებს ადგენენ საბაზრო პრინციპით, მოთხოვნა-მიწოდების ფარგლებში. ვფიქრობ, მომავალში ეს საკითხიც დარეგულირდება”, – განაცხადა ირაკლი ნემსაძემ, რომელიც შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება.
ამასთან, მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ, შუა დერეფნის დატვირთულობის ზრდის ტემპის შენელების მიზეზებზე ისაუბრა და საქართველოში არსებულ გამოწვევებს შორის ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მზაობა გამოყო.
“შუა დერეფნის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვის. ზრდაც ბოლო წლებში არის, მაგრამ არასაკმარისი ტემპით ზრდაა. ზრდის ტემპის შენელება შეიძლება იმას უკავშირდებოდეს, რომ თავიდან მოლოდინი გაცილებით უფრო აჟიოტაჟური იყო, მაგრამ პრაქტიკამ დაგვანახვა პრობლემები, რომლებსაც გადავაწყდით და დღის წესრიგში მათი მოგვარების საკითხი დააყენა. პრობლემები კი ისე ეფექტურად არ გადაიჭრა, როგორც შესაძლებელი იყო. ამ კორიდორში გვაქვს რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი. პირველი – კასპიის ზღვას დავასახელებდი, იქ არსებულ არასტაბილურ კლიმატურ პირობებს, რაც საბორნე გადაზიდვის ეფექტურობას და სისწრაფეს ართულებს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, საქართველოს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მზაობა იმ რაოდენობის ტვირთების გასატარებლად, რომელზეც ჯერ მოლოდინი გვაქვს. არსებულ ტვირთებს ვუმკლავდებით, მაგრამ თუ ზრდის ის ტემპები იქნება, რომელიც გვინდა რომ იყოს, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით მზად არ ვართ. სწორედ დღევანდელი შეხვედრა და მსგავსი შეხვედრები ემსახურება მსგავსი პრობლემატიკის წამოწევას და გადაჭრის გზების ძიებას”,- თქვა სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარემ.