მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, არამედ უცხოელების ინტერესიც იყოს – მალხაზ კუნელაური

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ დასავლელი ინვესტორებისთვისაც იყოს მიმზიდველი,- ამის შესახებ დეველოპერული კომპანია “ემ ქეი გრუპი”-ის დამფუძნებელმა, მალხაზ კუნელაურმა “კომერსანტთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ არსებული ტენდენციები და ინტერესი აჩენდა რეალურ პერსპექტივას, რომ ქვეყანა რეგიონში უძრავი ქონების საერთაშორისო ჰაბად ქცეულიყო. თუმცა, ბოლო დროს გართულებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კლიმატი და უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე საუბარი ამ პროცესს საგრძნობლად აფერხებს, რაც საქართველოს სხვა რეგიონულ მოთამაშეებთან მიმართებით ნაკლებად კონკურენტულ პოზიციაში აყენებს.
,,გარდამტეხად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესში იყოს, არამედ უცხოელებისთვისაც, ვგულისხმობ დასავლური ქვეყნების მოქალაქეებს. ეს ტენდენცია ადრე აშკარად შეინიშნებოდა, არა მხოლოდ უძრავი ქონების გაყიდვის, არამედ ტურიზმის თვალსაზრისითაც. დიდი მოთხოვნა შეიძლება არ იყო, მაგრამ წინაპირობები ნამდვილად არსებობდა, რომ როგორც ევროპის სხვა ქვეყნებშია მაღალი უძრავი ქონებით დაინტერესება დასავლური ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან, ისევე ყოფილიყო საქართველოში. ეს მოვლენა პირდაპირ პროპორციულად აისახებოდა უძრავი ქონების ბაზრის გაზრდასა და გაძლიერებაზე.
საქართველოში, როცა რომელიმე დასავლური ქვეყნის მოქალაქეს სურს უძრავი ქონების შეძენას, ის, პირველ რიგში, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და რისკებს აფასებს. უკანასკნელი პერიოდია საქმეები ისე მიდის, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე გველაპარაკებიან, რაც ძნელს ხდის ამ ქვეყნის პოტენციალით ევროპელი და ამერიკელი მოქალაქეები დაინტერესდნენ, არადა აქამდე საქართველოს რეგიონის მოწინავე ქვეყნად აღგვიქვმამდენენ. ახლა ვხედავთ, რომ ბევრად ჩამოვრჩით, რეგიონში სხვა ქვეყნებმა გაგვასწრო.
საქართველო ამ ვითარებაში უძრავი ქონების ჰაბი მხოლოდ ქართველისთვის იქნება, რადგან მისი სამშობლოა. ჩვენი ერთადერთი გამოსავალია, რეგიონის ყველა ქვეყანაზე პერსპექტიულები ვიყოთ”,- აღნიშნა მალხაზ კუნელაურმა ,,კომერსანტთან” ინტერვიუში.