უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის, ინაუგურაციას დაესწრო და მოგვიანებით მასთან შეხვედრა გამართა.
როგორც უკრაინული მედია წერს, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე საუბარს.
“ომის დროს რთულია დროის გამონახვა და ნახევარი დედამიწის გარშემო ფრენა, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ თქვენი სიგნალები პარლამენტში და თქვენი ძალისხმევა ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთის აგრესიას ებრძვის,” – თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინასა და არგენტინას, ორი ქვეყნის ხალხებს, შეუძლიათ ძლიერი საერთო მომავალი ჰქონდეთ და აღნიშნა, რომ არგენტინელები დიდ პატივს სცემენ თავისუფლებას, რისთვისაც დღეს უკრაინელები იბრძვიან.
“დღევანდელი დღე არგენტინაში შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით იყო დატვირთული. ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმაც გაიგეს დღეს უკრაინის ხმა. ინაუგურაციის დროს ასევე მქონდა საშუალება გამესაუბრა უნგრეთის პრემიერ ორბანთან. საუბარი იყო მაქსიმალურად პირდაპირი. რა თქმა უნდა, შევეხეთ ჩვენს ევროპულ საქმეებს. ხვალ და ზეგ კი ჩემ გუნდთან ერთად ვაშინგტონში ვიქნები – დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები. პრეზიდენტი ბაიდენი, კონგრესი. მნიშვნელოვანი საკითხები. ყოველდღე, ყოველ საათს ვიყენებთ, რათა მეტი მივცეთ უკრაინას, ჩვენს ხალხს – მეტი შესაძლებლობა, მეტი დაცვა, მეტი ძალა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარება! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!” – ამბობს ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, “მნიშვნელოვანია, რომ ლათინური ამერიკის ისეთი ძლიერი ხმა, როგორიცაა არგენტინის ხმა, პარაგვაის, ურუგვაის, ეკვადორის ხმა, ისე რომ ისინი ყველანი ჩვენ მხარეს იყვნენ.”