პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქართული მხარის ინიციატივაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმის გაფორმების მიზნობრიობის შესახებ. ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივად მოხდეს იმ მიმართულებების იდენტიფიცირება, რომელიც ორივე ქვეყნისთვის იქნება ეკონომიკურად ურთიერთხელსაყრელი.
„ჩვენ გვინდა ახალი მიმართულებების განვითარება. ეს არის, მათ შორის, შუა დერეფნის ეფექტიანად გამოყენება, კიდევ უფრო მეტი სავაჭრო პოტენციალის ათვისება, რომელიც საქართველოს გააჩნია ამერიკისთვის და ამერიკული კომპანიებისთვის, სადაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე დაასახელა ახალი ინიციატივები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ.
„ეს მიმართულებები აქამდე თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საგანს არ წარმოადგენდა, მაგრამ ეს არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც ჩნდება ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში და შეიძლება იყოს ახალი თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილი,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, წლის განმავლობაში ასეთი ჩარჩო-შეთანხმება შეიძლება უკვე ძალიან კონკრეტულ სამოქმედო გეგმებში გადაიზარდოს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს
